GUARDIANGE – დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულია 115 ადამიანი, მათგან ბევრი „მძიმედ“.
როგორც BBC იტყობინება, ხანძარი დაახლოებით 01:30 საათზე (00:30 GMT) გაჩნდა საახალწლო ზეიმის დროს, კრანს-მონტანას ბარში სახელად „Le Constellation“.
საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური პირები, რომლებიც ინციდენტს იძიებენ, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ხანძრის გაჩენის რაიმე მიზეზზე, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავენ თავდასხმას.
ბარში მრავალი ქვეყნის ადამიანები იყვნენ თავმოყრილი. რეგიონული პოლიციის მეთაურმა ფრედერიკ გისლერმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში პრიორიტეტი დაღუპულთა იდენტიფიცირებაა, „რათა ცხედრები სწარაფად გადაეცეს“ მათ ოჯახებს.
13 ვერტმფრენი, 42 სასწრაფო დახმარების მანქანა და 150 სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გაიგზავნა ღამით ხანძრის ადგილზე ვალეს რეგიონში, რომელიც ტურისტებში პოპულარული სათხილამურო კურორტია.
დაშავებულთა უმეტესობამ მძიმე დამწვრობა მიიღო და 60 ადამიანი ვალესის სიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ კრიტიკულ მდგომარეობაშია, თქვა რეგიონის გუბერნატორმა მათიას რეინარდმა.
ზოგიერთი დაზარალებული შვეიცარიის სხვა ქალაქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის ლოზანასა და ციურიხში, რომლებსაც დამწვრობის სპეციალიზებული განყოფილებები აქვთ.
ლოზანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი დამწვრობის დაზიანებებით 22 პაციენტს მკურნალობს, ხოლო ციურიხის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ დამწვრობაზე 12 პაციენტს მკურნალობს.
ზოგიერთი პაციენტი გადაყვანილია ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში, სადაც მათ მძიმე, „მესამე ხარისხის“ დამწვრობაზე მკურნალობენ და ისინი „ძალიან ახალგაზრდა… 15-დან 25 წლამდე“ ასაკის არიან, განუცხადა დოქტორმა რობერტ ლარიბაუმ BBC-ს გადაცემა „World Tonight“-ს.
„ხანძარმა იმდენად ინტენსიურად იფეთქა, რომ დამწვრობა შეიძლება იყოს შიდა. ადამიანებმა ტოქსიკური კვამლი შეისუნთქეს ფილტვებში“, – თქვა დოქტორმა ლარიბაუმ.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BBC-ს განუცხადა, რომ იტალიის 16 მოქალაქე ამჟამად დაკარგულია, ხოლო 12-დან 15-მდე საავადმყოფოში მკურნალობს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი რვა მოქალაქე დაკარგულია და არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულებს შორის საფრანგეთის მოქალაქეებიც იყვნენ. ფრანგული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორი საფრანგეთის მოქალაქეა.
დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და ეროვნება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ დაღუპული და დაზრალებულია რამდენიმე ეროვნების ადამიანი. ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბარში ხანძრის გაჩენისას, თუმცა ცნობილია, რომ ბარში საახალწლო წვეულების დროს უმეტესობა ახალგაზრდობა იყო.

