ირანში არეულობები გრძელდება, პროტესტანტები სამთავრობო შენობაში შეღწევას ცდილობენ

GUARDIANGE – ირანში ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მკვეთრი გაუფასურების გამო დემონსტრაციების დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროტესტანტები სამხრეთ პროვინციის, ფარსის ადგილობრივი მთავრობის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.

პროტესტი კვირას, 28 დეკემბერს დაიწყო, მასში სტუდენტებიც ჩაერთნენ და რამდენიმე ქალაქს მოედო. შეკრებილები ირანის სასულიერო მმართველების წინააღმდეგ სკანდირებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც BBC-მ დაადასტურა, ჩანს, რომ ხალხი ფასაში გუბერნატორის ოფისის კარებს ამტვრევს.

BBC-ის ცნობითვე, სხვა ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომლები საპასუხოდ ისვრიან, დაკეტილი მაღაზიების წინ კი, ცრემლსადენი გაზის ღრუბლები ამოდის.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქ ფასაში სამი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია ოთხი პირი.

დაპირისპირებები ასევე დაფიქსირდა დასავლეთ პროვინციებში, ჰამედანსა და ლორესტანში.

არეულობების განვრცობის შესაჩერებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები დაიხურა ირანის მთავრობის მიერ ბოლო წუთში გამოცხადებული უქმეების გამო. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თითქოს ცივი ამინდების გამო ენერგიის დაზოგვის მიზნით მიიღო, თუმცა ბევრმა ირანელმა ეს პროტესტის შეკავების მცდელობად მიიჩნია.

თეირანში, საიდანაც დემონსტრაციები დაიწყო, უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოუსმენს დემონსტრანტების „კანონიერ მოთხოვნებს“, მაგრამ გენერალურმა პროკურორმა, მუჰამედ მოვაჰედი-აზადმა ასევე გააფრთხილა პროტესტანტები, რომ დესტაბილიზაციის შექმნის ნებისმიერი მცდელობა „მტკიცე პასუხს“ წააწყდება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები