ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითხოვთ, რომ იყოს თანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან აშშ-ის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა, რათა საქართველოში შემოვიდნენ. რა თქმა უნდა, სწორი საპასუხო ნაბიჯი იქნებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებოდეთ ვიზა აშშ-ში შესასვლელად. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ბოლო პერიოდში წარმოჩენაა, თითქოს საქართველოს სთავაზობენ ყველაფერს, იქნება ეს ევროკავშირი თუ აშშ და საქართველო რაღაცებზე ამბობს უარს. სინამდვილეში, უკვე წლებია, რაც მდგომარეობა არის პირიქით. ჩვენ დიდი ხანია, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითხოვთ, რომ იყოს თანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან აშშ-ის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა, რათა საქართველოში შემოვიდნენ. რა თქმა უნდა, სწორი საპასუხო ნაბიჯი იქნებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებოდეთ ვიზა აშშ-ში შესასვლელად. ასევეა სხვა თემები, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი, თუკი საუბრობ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასეც უნდა იყოს. არაბუნებრივია, რომ ეს ასე არ არის. ვინაიდან, თუკი ურთიერთობას ვეძახით სტრატეგიულ პარტნიორობას, მაშინ ეს უნდა იყოს სხვა, უფრო მაღალი დონის ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან. ამიტომაც, სინამდვილეში, საქმე არის პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, იყოს უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ. ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს.
არსებობს ობიექტური წინაპირობა გადაწყვეტილებებისთვის. მოლაპარაკებების გახსნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთან გადაწყვეტილება არის მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე, როდესაც ყველა ამ ქვეყანას ჩვენ ვუსწრებთ ყველა პარამეტრით და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, არ არის გახსნილი მოლაპარაკებები, აქ არის შემოდავება, თითქოს საქართველო არ აკეთებს საკმარისს მოლაპარაკებებისთვის, ეს უბრალოდ არ არის სწორი და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.