Sunday, November 24, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ, ამიტომ, ეს კანონი აუცილებლად მისაღებია

შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ კანონის დაბრუნება პარლამენტში ახლა, არჩევნების წინ, ამ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში.

პრემიერის თქმით, იყო მოლოდინი, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები.

„რეალურად, რაც ხდებოდა წინა წლებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არავითარი საფუძველი არ გვქონდა განსხვავებული მოლოდინის, ბუნებრივია. თუ რაღაც ხდება ყოველ წელს, არ გაქვს საფუძველი, რომ ელოდო რაიმე სხვას. თქვენ ხედავდით როგორი იყო მათი რიტორიკა, კონკრეტული პარტიების, მათი ტელევიზიების, მათი NGO-ების. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი იყო ზუსტად იგივე, რაც მოხდა შარშან, შარშან წინ, იმის წინ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ აცდებოდნენ ეს კონკრეტული ძალები , რადიკალები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ყველა რადიკალური პარტიის რეიტინგი ერთად, ჯამურად, ვინც ლახავს, ვერ ლახავს ბარიერს, არის დაახლოებით 25%. ასეთ პირობებში მათ სხვა გათვლა ვერ ექნებოდათ. ბუნებრივია, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებოდნენ იმ სცენარის გამეორებას, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა წლების განმავლობაში. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა. გაუმჭვირვალობა ასეთ ძალებს, რადიკალებს, აძლევს რევოლუციური სცენარების ჩაფიქრების საშუალებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სცენარები არ იყო წარმატებული, არც 2020-2021 წლებში, არც 2022 წელს, არც მანამდე, როდესაც ცდილობდნენ ამ ყველაფერს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობის შესრულება, რაც არის ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში დამშვიდება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვართ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის უზრუნველვყოთ მშვიდობა და არა ის, რომ ყოველ ჯერზე ამ ადამიანების უფროსები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და სხვები ცდილობდნენ ამ ქვეყნის არევას, ცდილობდნენ ამ ქვეყნის ომში ჩართვას და ა.შ. ამაზე ვართ პასუხისმგებელი, არა მარტო იმაზე, რომ არჩევნები მოვიგოთ და მერე ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და ა.შ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პირველ რიგში იმაზე, რომ სიმშვიდე უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ ქვეყნისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებული მოლოდინის საფუძველი, მიზეზი არ გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან პრინციპულად, რომ იმთავითვე გვეზრუნა გრძელვადიან მშვიდობასა და სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი.

„სინამდვილეში რატომაც ჰქონდათ ეს აბსოლუტურად ისტერიული დამოკიდებულება ე.წ. კოლეგებს ამ კანონთან დაკავშირებით, რაც დღესაც აჩვენეს, ამის მიზეზი არის, რომ მათი უფროსები ამ კანონის პირობებში საერთოდ ვეღარ მოახერხებენ ქვეყნის არევას, არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ მათი უფროსები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და სხვები ვეღარ მოახერხებენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. ამასთან არის დაკავშირებული ეს აბსოლუტური ისტერიკა, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სამი აბსოლუტურად არაქართული სახის მქონე ადამიანების შესრულებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ხომ არ არის ქართული. თქვენ იცით, როგორია ქართული ბუნება, ქართული არის ორიენტირებული სხვა ადამიანისთვის სითბოს და სიყვარულის გაზიარებაზე, ასე იყო საქართველო, ჩვენი ხალხი ისტორიულად ერთმანეთს მაქსიმალურად უზიარებდა სითბოს და სიყვარულს. ეს არ არის ქართული, ეს არის ზუსტად ამ გაუმჭვირვალობის შედეგი. ზუსტად ამ შავი ფულით ფინანსდება, რასაც აკეთებდნენ დღეს ჟიჟილაშვილი, მიშველაძე და მამისეიშვილი. ეს ყველაფერი ფინანსდება გაუმჭვირვალე ფულით. ეს, რომ ზრდილობა არ უნდა დაიცვა საქართველოს მთავრობის შენობაში, ინსტიტუტს ხომ უნდა სცე მინიმუმ პატივი. აქ ხომ არ არის საუბარი სახელებსა და გვარებზე, შენი ქვეყნის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის შენობაში ხარ მოსული და პატივი გაქვს, რომ სადაც მთავრობის წევრები სხედან, იქ შეგიძლია დაიკავო ადგილი და მოდიხარ ელემენტარულად ზრდილობის, კულტურის ნორმებს არ იცავ და ინტელექტზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. ხომ ხედავდით თქვენ, ვერც ერთ პასუხზე რომ ვერაფერს ვერ აბრუნებენ, ეს მარტო იმის ბრალი კი არ არის, რომ მართლები არ არიან, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მათ აქვთ ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. დღეს რაზეც წერილი გამოვაქვეყნე, ასეთი ადამიანია ყველაზე მეტად საშიში, რომელსაც რაღაც აქვს ცოტა წაკითხული, ამბიცია გაუჩნდა, მაგრამ ინტელექტით ვერაფერს ვერ ეწევა, ვერ იგებს, ლოგიკური აზროვნების უნარი არ აქვს. ამ შემთხვევაში საშუალო ინტელექტზე საუბარი ზედმეტია, საშუალოზე დაბალი ინტელექტი იყო დღეს აქ წარმოდგენილი სამი ადამიანის სახით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ქმნის, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაქვს ამბიცია, მაგრამ ვერ ეწევი ინტელექტით, სწორედ ამ შემთხვევაში ხარ ნაციონალური შენი პოლიტიკური მრწამსით. სხვანაირად თუ არ გაქვს გონება ან დაბინდული, ან შეზღუდული, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უბრალოდ ვერ იქნები. ელემენტარულად, ამ პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას ხომ გვახსოვს, 9 წლის განმავლობაში. ელემენტარულად ტერიტორიები დაკარგეს, 20%, მათი ავანტიურისტული პოლიტიკის, კარგ შემთხვევაში, შედეგი იყო ეს ყველაფერი. ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კომპაქტ დისკებს ინახავდნენ მერე კასრებში. ეს სახეა ხომ რეალურად, ეს სამი ადამიანი წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას დღევანდელ დღეს და გონორით საუბრობენ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიების წარმომადგენლები თქვენთან, სხვა კოლეგებთან. ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია, როგორ შეიძლება კეზერაშვილისგან იღებდე ხელფასს, ან ხაზარაძისგან, ან გვარამიას ხაზიდან და ასეთ დროს საუბრობდე გონორით სხვა კოლეგებთან, ან საზოგადოების წინაშე, ან ვინმესთან საერთოდ.

საბოლოო ჯამში ეს არის. ჩვენ ველოდით, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები. ეს კანონი ზუსტად ეს არის, გამჭვირვალობა არ არის პანაცეა, მაგრამ არის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შავი ფულით საქართველოში ვერავინ ვერც სცადოს, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება მათი მცდელობა, მაგრამ შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები