Monday, November 25, 2024
7.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ამ კანონის ინიცირება ემსახურება ძალიან პრინციპულ ამოცანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ერთხელ და სამუდამოდ ეს ე.წ. პოლარიზაცია ჩავაბაროთ წარსულს და გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ამ პასუხისმგებლობით და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიცირება სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში იყო რევოლუციის ორი მცდელობა, ჯერ 2020-21 წლებში, გახსოვთ PVT-ის გაყალბება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანუიზაციის მიერ, ასევე საერთო შეფასების გაყალბება მთელი რიგი არასამთავრობოების მიერ, რასაც კინაღამ მოჰყვა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ იძულებული გავხვდით, ხელი მოგვეწერა პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ვერ მივიღებდით თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს. მოკლედ, აშკარად გამოკვეთილი რევოლუციური მცდელობა ვიხილეთ ჩვენ 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. ასევე, გახსოვთ, რომ 2022 წელს პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციები ავდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათ მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ფორმირება. პირდაპირი ლუსტრაცია მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია არასამთავრობო ორგანიზაციის არსთან და მიზნებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წლიდან ერთადერთი მშვიდი წელიწადი 2017 წელი იყო და ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვაა, რაც დიდწილად ქვეყანაში რყევების შემოტანას ხმარდება.

„ყველას გახსოვთ, რა ვითარებაში ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, იყო ე.წ პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი. 2018 წელს გახსოვთ, რა გარემოებებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ გახსოვთ 2019 წლის ივნისი. შემდეგ ჯერ კოვიდი იყო 2020 წელს და კოვიდს დამთავრება არ აცალეს, უმძიმესი არჩევნები იყო 2020 წელს თავისი შემდგომი გაგრძელებით. 2021 წელი ქვეყანამ გაატარა მუდმივად რიგგარეშე არჩევნების თემის პირობებში, იყო მუდმივი პოლარიზაცია. შემდეგ 2022 წელს დაიწყო ომი და ომთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდა პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ივნისში პირდაპირი რევოლუციის მცდელობა იყო და მთელი 2023 წელი, ვიდრე არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მუდმივად ხდებოდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავება ქვეყანაში. 2016 წლიდან მოყოლებული, ერთადერთი 2017 წელი იყო, როცა ქვეყანა ცხოვრობდა მშვიდად. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ გაუმჭვირვალედ იხარჯება შესაბამისი თანხები და ეს თანხები დიდწილად სამწუხაროდ ხმარდება სწორედ ასეთი რყევების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ კანონის ინიცირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ერთხელ და სამუდამოდ ეს ე.წ. პოლარიზაცია ჩავაბაროთ წარსულს და გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.

„რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ მარტივი მიზეზის გამო, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა, რამაც ამ კანონის მიღება გახადა აუცილებელი.

„ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიცირება, მიღება აუცილებელი – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ გაუმჭვირვალობის გამო და მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ტიპის აქტივობები ფინანსდებოდა გარე წყაროებიდან, ეს იყო მაგალითად კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობა რევოლუციურ პროცესებში, ასევე ეს იყო ლგბტ პროპაგანდის პირდაპირი დაფინანსება, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის, თავდასხმის დაფინანსება, ნარკოტიკების პროპაგანდა, ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. ამას წინათ, გავხსენით ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი 9-კილომეტრიანი გვირაბი, აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბი იყო რიკოთის გვირაბი, 2 კილომეტრზე ნაკლებია მისი სიგრძე და საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ გვირაბის გაჭრას, მშენებლობას, შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მას უნდოდა ამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დაბლოკვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საბაბით. მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწია თავისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გახსოვთ, რა ხდებოდა ჰესებთან დაკავშირებით და ა.შ. ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რამაც გახადა აუცილებელი ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები