გურია – ფოტო პუბლიკას Facebook-ის გვერდიდან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
უწყება რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.