„ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა.
„მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. შესაბამისად, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა – ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას.
„ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ.
2020 წლიდან, „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით, ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. „ენჯეოების“ ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. სწორედ ამ გაყალბებამ მოუმზადა რადიკალურ ოპოზიციას ნიადაგი პარლამენტის საბოტაჟისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისათვის. არჩევნების ლეგიტიმაციის არაღიარების კამპანიას, ასევე უცხოური დაფინანსებით, აწარმოებდნენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი კონკრეტული მედიასაშუალებები. საბოლოოდ, 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული რევოლუციის მცდელობა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც საზოგადობამ „ქართულ ოცნებას“ ნდობა თვითმმართველობის არჩევნებშიც დაუდასტურა.
რევოლუციის მეორე მცდელობა უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. როგორც გახსოვთ, 2022 წლის აპრილში ბაკურიანში შეიკრიბნენ რადიკალური პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც ძალადობრივი რევოლუციების ცნობილ ექსპერტთან, პიტერ აკერმანთან ერთად, დაგეგმეს რევოლუციური სცენარი, რომელიც ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. ეს სცენარი ივნისში მართლაც ამოქმედდა, როდესაც საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში „ენჯეოებმა“ ნიღაბი ჩამოიხსნეს, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვეს. რევოლუციური მცდელობები მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.