GUARDIANGE – 29 აპრილს ჩვენმა მოქალაქეებმა იხილეს სრულად გაშიშვლებული, შეშინებული „ქართული ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ირაციონალური შიშებით შეპყრობილი თვითგადარჩენის მიზნით დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს.
„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, იძულებით შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ატყუებდა, ატყუებდა რომ რუსულ კანონსაც მიიღებს და 2030 წელს საქართველოს ევროკავშირშიც გააწევრიანებს;
„ისაუბრა ქვეყნის მძიმე წარსულზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მერამდენედ დაგვიპრდა მათ საბოლოო დასრულებას, ოღონდ ამჯერადაც არჩევნების შემდეგ და იქვე თავგამოდებით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადმობარებული მოძალადე მოსამართლეების დაცვა.
„დაიწყო მურუსიძის კეთილსინდისიერებაში ჩვენი დარწმუნება ურცხვად. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება დააბრალა ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს – იმ მეგობრებს, რომლებმაც რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან შეაჩერეს და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერით, დღემდე იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს.
„ვერაფერს დაჰპირდა ახალგაზრდებს და დაემუქრა.
„თაღლითურად მანიპულირებდა ილიაჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მერაბ კოსტავას სიტყვებით. შეეცადა საკუთარი თავის პატრიოტად და ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დამცველად გასაღებას და ამავე დროს, ომით აშინებდა საკუთარ მოქალაქეებს. სინამდვილეში კი, გუშინ, ფაქტობრივად, ხალხის ზურგს ამოეფარა და ასე იცავდა საკუთარ კომფორტს და ფულს.
„ივანიშვილი უკვე დამარცხებულია საკუთარ თავთან და რაც უფრო მთავარია, საკუთარ ხალხთან. მისი დაპირებები უკვე ღიმილის მომგვრელია, მისი მუქარა კი, სასაცილოა. ამიტომ, ქართველმა ხალხმა „ოცნების“ დამარცხება მშვიდად უნდა გავაფორმოთ 26 ოქტომბერს.
„მოდის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და იდენტობა შესაძლოა, დასაცავი გახდეს ყველგან და ყველა მშვიდობიანი ფორმით. ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის შეცვლა არავის გამოსვლია, მით უფრო ვერ გამოუვა შეთქმულებებში დაკარგულ და შეშინებულ ივანიშვილს, რომლის მშიშარა სახეს მე ყველაზე კარგად ვიცნობ. ახლა მთავარი ის არის, ვინ გაჰყვებით მას, ამ უმძიმეს გზაზე“, – აცხადებს გიორგი გახარია ვიდეოში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.