მოგესალმებით, ჩემო გულანთებულო ქართველებო,
ჩვენო თანამებრძოლებო!
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს აქ დგას საქართველო, თბილისი, ხალხი, ვისი სურვილიცაა ევროპული მომავალი – ევროპული მომავალი ღირსებით, სიამაყით და თავაწეული.
როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ერთად დგომა, ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ და გარკვევით: საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ უდიდესი კულტურით, ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით.
ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი! გვაქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.
სამწუხაროდ, დღეს გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ისევ ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ეს არასდროს მოხდება.
გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ პროპაგანდა – კარგი. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს” უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა თურმე ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას.
გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაგვანახა, რომ „ენჯეოებისთვის” გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დაჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო” ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს.
პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.
ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების” და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, სინამდვილეში, არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად. ეს არის გადამწვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის, ინტერესების დასაცავად.
სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ გასატანი, რათა პრინციპულად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი ტრადიციული ღირებულებები, არ დავუშვათ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვა, რომელიც 30 წლის წინ ჩვენი მშობლების თაობამ საქართველოს დაუბრუნა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ დღეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ვიყოთ თავისუფლები.
ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი. ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დავუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს.
დღეს საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე; რომელიც მოქმედებს არა გარედან ვინმეს კარნახით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, რა ჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
ამ გუნდის დამფუძნებელს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა. შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს – საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას.
ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც. საქართველო უპირველეს ყოვლისა.
გაუმარჯოს ჩვენს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს! ქართველების საქართველოს გაუმარჯოს!
ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში და ყოველთვის ამ პრინციპებით, ამ მიდგომებით ვიქნებით ქვეყნის სიყვარულში.
მამული, ენა, სარწმუნოება – ეს ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ვართ საქართველო. ქართველი ხალხი ცოდნით, გონიერებით, და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულით განაგრძობს ამ ქვეყნის შენებას. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე მყარად მდგომი სახელმწიფო. საქართველო უპირველეს ყოვლისა!