Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

რობინ დანიგანი: შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია, როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ კანონს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] მიიღებენ, საქართველო დაშორდება ევროპულ გზას ეს ყველაფერი კი დააზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს.

„ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო-მ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. მინდა, ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე, რომელიც ჩვენი დახმარებით ხორციელდება. აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება. რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში.

მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები