შარშან ჩვენ, ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე, თუმცა მოგვატყუეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
„არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია ხანდახან პირდაპირ დონორთან, ხანდახან სხვადასხვა სახელმწიფოსა და დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით. არის აბსოლუტურად ყრუ კედელი. ეს ორგანიზაციები არ აპირებენ, ქართულ საზოგადოებას გაუმხილონ, რაში ხარჯავენ საქართველოში ფულს. ეს არის ფაქტი და ეს არის დღეს რა რეაქციასაც ვხედავთ ზოგიერთი ორგანიზაციისგან, რომლებიც ზუსტად ამ ფონდებისგან ფინანსდებიან. ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, არიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ფონდებიდან ფინანსდებიან, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.