ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 129 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკო. პოეტის მშობლიურ სახლში, სოფელ ჭყვიშში, ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციანის ლექსები და ეზოში დადგეს პერფორმანსი.
შეკრებილ საზოგადოებას ვანის მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით მიმართა – მადლობა გადაუხადა ღონისძიების თითოეულ მონაწილეს და ორგანიზატორებს. ისაუბრა ტიციან ტაბიძის მნიშვნელობაზე ქართველი ერის ცხოვრებაში. დასძინა, რომ იგეგმება პოეტის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მომდევნო, საიუბიულეო თარიღს მუნიციპალიტეტი უფრო მასშტაბურად აღნიშნავს.
ღონისძიება ვანში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სკოლები და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას.
ტიციან ტაბიძე დაიბადა ჭყვიშში, 1895 წლის 2 აპრილს. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა; ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტების ნაწარმოებებს. ხოლო თავად ტიციანის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და პოლონურ ენებზე. პოეტი 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.