ნახევარფინალში რუმინეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს.

რუმინელი „მუხების“ დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. „რაგბი ევროპის“ მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები ტურნირში მეთექვსმეტედ გამარჯვებას 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“, შეეცდება. საქართველოს მეტოქის ვინაობა პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამართული მატჩის შემდეგ გაირკვევა.

საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ თვრამეტჯერ მოიგეს.

ნახევარფინალურ მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის: საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 28-ჯერ შეხვდნენ და 18 მატჩში – ქართველებმა, ცხრაში კი რუმინელებმა გაიმარჯვეს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები