ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება, უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.
„განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. დოკუმენტში არის დეტალურად გაწერილი ეს ყველაფერი. ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა გაუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე. რომელიც დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრინციპები და რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სამყაროში. ასეა გაწერილი ეს მიზნები იმ პროექტში, რომელიც არის მომზადებული განათლების სამინისტროს მიერ. უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს უკვე დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადო გაწერას, ბუნებრივია საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა განათლების სამინისტროს უკვე გაწეული სამუშაოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ინტერესებს ზოგადი განათლების სფეროში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.