Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ალაბამაში სიკვდილით დასჯა პირველად აღესრულა აზოტის გაზის გამოყენებით

GUARDIANGE – ალაბამამ განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯა და განაჩენი აზოტის გაზის გამოყენებით აღასრულა, რაც სიკვდილით დასჯისას პირველად გამოიყენეს, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა აშშ წინა პლანზე სიკვდილით დასჯის შესახებ დებატებში. შტატის ხელისუფლებამ ეს მეთოდი ადამიანურად მიიჩნია, მაგრამ კრიტიკოსებმა მას სასტიკი და ექსპერიმენტული უწოდეს.

ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 58 წლის კენეტ ევგენი სმიტი ალაბამას ციხეში 8:25 საათზე, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახეზე გაკეთებული ნიღბის მეშვეობით სუფთა აზოტის გაზი მრავალგზის ჩაისუნთქა, რამაც ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც 1982 წელს სასიკვდილო ინექცია შემოიღეს, რომელიც ახლა ყველაზე ხშირად გამოიყენება.

სიკვდილით დასჯის აღსრულებას დაახლოებით 22 წუთი დასჭირდა და სმიტი რამდენიმე წუთი გონზე იმყოფებოდა. სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში, ის თითქოს კანკალებდა და ტრიალებდა გორგოლაჭებიან საწოლზე, ხანდახან ბორკილებს ეჭიმებოდა. ამას მოჰყვა რამდენიმე წუთი მძიმე სუნთქვა, სანამ სუნთქვა აღარ შეიგრძნობოდა.

საბოლოო განცხადებაში სმიტმა თქვა: „ამ ღამით, ალაბამა კაცობრიობისთვის უკან გადადგმული ნაბიჯის მიზეზი ხდება… სიყვარულით, მშვიდობითა და სინათლით მივდივარ“. მან ხელებით გამოხატა სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც მოწმეები იყვნენ. „მადლობა ჩემდამი მხარდაჭერისთვის.  მიყვარხართ, მიყვარხათ ყველა“, – თქვა სმიტმა.

ალაბამას გუბერნატორმა ქეი აივიმ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა იყო სამართლიანობა 1988 წელს 45 წლის ელიზაბეტ სენეტის დაქირავებული მკვლელობისთვის.

აშშ-ის ზოგიერთი შტატი ახალ გზებს ეძებს ადამიანების სიკვდილით დასჯისთვის, რადგან სასიკვდილო ინექციებში გამოყენებული ნარკოტიკების მოძიება რთული გახდა. სამმა შტატმა – ალაბამამ, მისისიპმა და ოკლაჰომამ – დაუშვა აზოტის ჰიპოქსია, როგორც სიკვდილით დასჯის აღსრულების მეთოდი, მაგრამ აქამდე არც ერთ შტატს არ უცდია ამ მეთოდის გამოყენება.

სმიტის ადვოკატებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ის თავისი ღებინებით შეიძლება დამხრჩვალიყო იმ დროს, როდესაც მის სასუნთქ გზებში აზოტის გაზი ჩაეშვებოდა. შტატის ოფიციოზმა ბოლო მომენტში შეცვალა პროცედურა და მას 8 საათის განმავლობაში საკვების მიღების საშუალება არ მიეცა.

ელიზაბეტ სენეტი თავის სახლში 1988 წლის 18 მარტს იპოვეს გარდაცვლილი. მას რვა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულმკერდის არეში და თითო-თითო ყელის ორივე მხარეს. სმითი იყო ერთ-ერთი იმ ორიდან, რომლებიც მკვლელობაში დაადანაშაულეს. მეორე მამაკაცი, ჯონ ფორესტ პარკერი, 2010 წელს დასაჯეს სიკვდილით.

პროკურორებმა თქვეს, რომ სენეტის მოკვლისათვის თითოეულ მათგანს 1 000 დოლარი გადაუხადეს მისი პასტორი ქმრის სახელით, რომელიც ვალებში იყო ჩაფლული და სურდა დაზღვევისთვის თანხის შეგროვება. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ქმარმა, ჩარლზ სენეტმა თავი მოიკლა, როცა გამოძიებამ იგი ეჭვმიტანილად მიიჩნია.

სმიტს 1989 წელს ნასამართლობა გაუუქმდა, მაგრამ 1996 წელს ის კვლავ გაასამართლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა სამუდამო პატიმრობის რეკომენდაცია გასცეს, მაგრამ მოსამართლემ გააუქმა ეს და სმიტს სიკვდილი მიუსაჯა. ალაბამა უკვე აღარ აძლევს მოსამართლეს უფლებას გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები