საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.46 მლრდ ლარით, ანუ 2.86%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 52.65 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მლნ ლარით, ანუ 2.27%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.79 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.87 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2.48%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.22%-ით, ანუ 590.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 27.19 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 668.20 მლნ ლარით, ანუ 3.34%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851.58 მლნ ლარით, ანუ 2.80%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.