„წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მსგავსი მასშტაბის პროექტები წინა მთავრობების დროს არ განხორციელებულა.
„კარგად იცის წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებმა, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი – ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია აღნიშნული პროექტების ირგვლივ კონკრეტულ პროპაგანდას ახორციელებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. გუშინ ყველაზე მეტად აქტიურობდა „კოლექტიური სანაცეთი“ და „ხანდაზმული თაღლითების“ წარმომადგენლები. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.