Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

მსოფლიო ბანკი: მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა. ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა.

„ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ასევე ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.

მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

„ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა, მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია, იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება, ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

„ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული. მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს – ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას. აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

„პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის გარეშე ასეთი ზრდის პერსპექტივები იმედისმომცემი არ იქნება. ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

ანგარიში გვთავაზობს პირველ გლობალურ ანალიზს, თუ რა იქნება საჭირო მდგრადი საინვესტიციო ბუმის შესაქმნელად 35 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და 69 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე ბოლო 70 წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ხშირად იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, როცა ზრდიან ინვესტიციების მოცულობას ერთ სულზე მინიმუმ 4%-მდე და ინარჩუნებენ მას ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში. ამგვარად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემოსავლის დონესთან დაახლოების ტემპი მატულობს, სიღარიბის დონე იკლებს გაცილებით სწრაფად და პროდუქტიულობის მაჩვენებელი ოთხჯერ იზრდება. ასეთი ბუმის დროს ხდება სხვა ტიპის სარგებლის მიღებაც: მცირდება ინფლაცია, ფისკალური და გარე პოზიციები უმჯობესდება და ადამიანების წვდომა ინტერნეტთან სწრაფად ფართოვდება.

„საინვესტიციო ბუმს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარდაქმნის პოტენციალი აქვს და შეუძლია მათი დახმარება საიმედო ენერგომომარაგებაზე გადასვლასა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების მიღწევაში. ასეთი ბუმის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებს პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის დანერგვა სჭირდებათ ფისკალური და მონეტარული ჩარჩოს განსამტკიცებლად, საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური ნაკადების გასაფართოებლად, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ინსტიტუტების ხარისხის გასაძლიერებლად. ეს რთულია, მაგრამ ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო წარსულში ამის გაკეთება. აღნიშნული ღონისძიებების კვლავ გატარება ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის პროგნოზირებული შენელების შერბილებას ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ასევე განსაზღვრავს, თუ რა შეუძლია განვითარებადი ქვეყნების ორ მესამედს, კერძოდ, საქონლის ექსპორტიორებს ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის ციკლის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობები აღნიშნულ ქვეყნებში ხშირად იღებენ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას და შემდგომ ვარდნას.

„როდესაც სასაქონლო ფასების მატება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას ერთი პროცენტული ერთეულით, მთავრობა, მაგალითად, ზრდის ხარჯებს ისე, რომ ეკონომიკური ზრდა დამატებით 0.2 პროცენტული ერთეულით იმატებს. ზოგადად, ხელსაყრელ პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა ახდენს ეკონომიკის „გადახურებას“, ხოლო არახელსაყრელ პერიოდში აღრმავებს ვარდნას. ეს „პროციკლურობა“ 30 პროცენტით უფრო ძლიერია სასაქონლო ექსპორტის განმახორციელებელ განვითარებად ქვეყნებში ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ფისკალური პოლიტიკა ასევე 40 პროცენტით უფრო ცვალებადია აღნიშნულ ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში.

მაღალ პროციკლურობასთან და ფისკალური პოლიტიკის ცვალებადობასთან დაკავშირებული არასტაბილურობა ქრონიკულად აფერხებს იმ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, რომლებიც საქონლის ექსპორტს აწარმოებენ. ეს შეფერხება შეიძლება, შემცირდეს ფისკალური ჩარჩოს შექმნით, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხარჯვის დისციპლინას მოქნილი სავალუტო რეჟიმების დანერგვით და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილებით. საშუალოდ ასეთი დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებებს შეუძლია, საქონლის ექსპორტიორების დახმარება განვითარებად ქვეყნებში მშპ-ის ზრდის თვალსაზრისით ერთ სულზე ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთი პროცენტული ერთეულით. ქვეყნებს ასევე შეუძლიათ სარგებლის მიღება კეთილდღეობის სუვერენული და სხვა სარეზერვო ფონდების შექმნით, რომლებიც შეიძლება, დროულად იქნას გამოყენებული საგანგებო სიტუაციებში“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები