GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ათეული წლების განმავლობაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ჯულიეტა შირინიანი თავის უმთავრეს მიზნად ეთნიკურად სომეხი ეროვნების ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლას, მათ პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას და კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას მიიჩნევს.
მას შემდეგ კი, რაც 2023 წლის ოქტომბერში, დირექტორის თანამდებობაზე შეუდგა მუშაობას, მის მთავარ საზრუნავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დაემატა.
ორი თვის წინ დანიშნული დირექტორი ამბობს, რომ ბავრის საჯარო სკოლა გადაუდებლად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.
როგორც GUARDIANGE-ის ჯულიეტა შირინიანმა განუცხადა, იგი მაქსიმალურად შეეცდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოში დაწყებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროგრამაში დროულად ჩართოს ბავრის საჯარო სკოლა, რომელსაც წლების წინათ სპონსორების დახმარებით მიაშენეს გარკვეული ფართი და სადღეისოდ მხოლოდ ეს ნაწილი არის გარემონტებული.
„თავადაც უყურებთ, რა მდგომარეობაშია სკოლა. 1960 წელსაა აშენებული და მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. კედლები დანესტიანებულია, ბათქაში ჩამოყრილი, ყველაფერი თავიდან ბოლომდეა გასაკეთებელი, თორემ ამ მდგომარეობით რა ავტორიზაცია უნდა გავიაროთ. არანაირ სტანდარტებში არ ჯდება ეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ჩვენი სკოლის ჩასმა იმ პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღაიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა და 800 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ან აშენებას ითვალისწინებს. ბავშვები და პედაგოგები ნამდვილად იმსახურებენ თანამედროვე სტანდარტების სკოლას.
„არადა, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს. მთელი ჩემი პედაგოგიური ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ მოსწავლეებს შევაყვარო ქართული ენა, ლიტერატურა, კულტურა, ვასწავლი ქართულ ლექსებს, სიმღერებს – დამყავს ექსკურსიებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვაცნობ უძველეს ქართულ კულტურას და ისტორიას.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს და ქალბატონ თამარ ტალიაშვილს, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელთა დახმარებითაც 2016 წელს ჩვენი სკოლის ბავშვების თბილისში ექსკურსია დაფინანსდა. თვალებს არ ვუჯერებდით, როცა დიდი ავტობუსი მოგვადგა სკოლის კარებზე და თბილისში წაგვიყვანა. ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
„ახლაც, თუ ვინმე გამოგვიჩნდება სპონსორი, მაგალითად ისევ თბილისის საკრებულო და ახლანდელი თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ტყემალაძე და დაგვეხმარება იმაში, რომ საახალწლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში წავიყვანოთ, უზომოდ მადლიერები დავრჩებით. ვერ წარმოიდგინეთ, რამხელა რამე იქნება ეს ბავშვებისთვის; საახალწლოდ მორთული თბილისი, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ჯულიეტა შირინიანმა.
დაბლა ვიდეოზე: ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ქართულ ენაზე კითხულობენ ლექსს
დაბლა ვიდეოზე: ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ქართულ სიმღერებს ასრულებენ (ვიდეო გადაღებულია 2023 წლის დეკემბერში).
დაბლა ვიდეოზე: ბავრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ქართულ ენაზე ამბობენ ლექსებს და ქართულ სიმღერებს ასრულებენ (ვიდეო გადაღებულია 2023 წლის მაისში).
დაბლა, GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი სოფელ ბავრაში, საკუთარი სახლის ეზოში – იგი თავისუფალ დროს დაკავებულია სოფლის მეურნეობით, უვლის მცენარეებს, ყვავილებს, მოჰყავს კარტოფილი.
GUARDIANGE წარმატებას უსურვებს სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ჯულიეტა შირინიანს პედაგოგიურ და სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობაში.