2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე, სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო. 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის. ასევე მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი წამოწყების შესახებ, რომელზეც ბატონი მინისტრი ისაუბრებს – განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც არ განახლებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2004 წელს იქნა მიღებული განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ არ განახლებულა. ამიტომ, საჭირო არის ახალი ხედვის ჩამოყალიბება და ამაზე ბატონი გიორგი ისაუბრებს. განახლებული მიზნები, მეგობრებო, დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურის და ოჯახის ფასეულობების კუთხით. ასევე, მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების ზოგადად, უფრო მეტი ავტონომიურობა, როგორ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და გარკვეული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე, გვაქვს ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა ის საქმე, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებითი, ეს იყოს კარგად გააზრებული და რაც მთავარია, შედეგი მოიტანოს ყველა იმ ცვლილებამ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება, ძალიან ინტენსიურად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრის წინააღმდეგ გახშირდა დეზინფორმაციული კამპანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს.
„მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ. ეს რაზე მიუთითებს, მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს, კიდევ ერთხელ და და ვუსურვო წარმატება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.