საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მინისტრმა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტართან, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-ამდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. მათ შორის, მინისტრმა პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.
საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების მხარდაჭერას, სკოლების დაფინანსებას, მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და სხვა. შეხვედრისას მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
ამილახვარის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.