თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია – რისკები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკების მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების, სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.