ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ფოტო მისი Facebook-ის გვერდიდან
საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარება დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში გვიჩვენებს ორივე ქვეყნის ინტეგრაციის დონეს, ორივე ქვეყანაში საერთო ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანა ევროპისთვის ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეგიონული ინტეგრაციის საკითხზე და სამხრეთ კავკასიაში ერთგვარი „ბენილუქსის“ (ეკონომიკური კავშირი დასავლეთ ევროპაში, რომელშიც სამი სახელმწიფო ერთიანდება: ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი) შექმნის შესაძლებლობის საკითხზე.
ალიევის თქმით, შესაძლოა, ინტეგრაციაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ კონსულტაციების დაწყება კარგია.
„მჯერა, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია და ეს საკითხი ჩემს ქართველ კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის ნაწილი იყო. ამჟამად გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ ეს პროცესი, სულ მცირე, სამხრეთ კავკასიაში კონსულტაციების დონეზე. შესაძლოა, ინტეგრაციაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ კონსულტაციების დაწყება კარგია. ჩემი აზრით, პირველი კონსულტაციები შედგა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში გამართული საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ეს დადებითი სიგნალია. ვფიქრობ, რომ ამ თანამშრომლობას ძალიან პრაქტიკული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, რადგან საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარება დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში გვიჩვენებს ორივე ქვეყნის ინტეგრაციის დონეს, ორივე ქვეყანაში საერთო ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანა ევროპისთვის ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს შეუერთდეს არსებულ პროექტებს, ალიევი აცხადებს, რომ „თუ სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ საკითხი, თუ როგორ წვლილს შეიტანს სომხეთი ამ თანამშრომლობაში, ღია რჩება.
„მას არა მარტო უფლებები უნდა ჰქონდეს, არამედ პასუხისმგებლობაც უნდა ეკისროს. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს უზარმაზარი სიმდიდრე აქვთ, მათ შორის, ნავთობისა და გაზსადენების, რკინიგზის, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და უსაფრთხოების საკითხების მოგვარება. ცოტა ხნის წინ ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვაწარმოებთ სამმხრივ თანამშრომლობას არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. მოიქცევა სომხეთი, როგორც მეგობრული მეზობელი, რომელიც მზად არის ამ საკითხში ჩაერთოს, ეს ჯერ საკითხავია. მჯერა, რომ თუ ისინი სტრატეგიულად ფიქრობენ, ეს არის სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი გზა, რადგან როდესაც ბაქოდან ვაკვირდებით, რა ხდება სომხეთის ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ქაოტურად გადადიან ერთი პოლუსიდან მეორეზე. მათ ჰგონიათ, რომ მეორე პოლუსი მათ რაიმე სახის ხსნას მოუტანს. არასდროს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ახალი უფროსი ძმა. და გულწრფელად ვამბობ, მეეჭვება, რომ ეს ახალი უფროსი ძმა ძველზე უკეთესი იქნება. ჯერ ერთი, ის ძალიან შორსაა, რეგიონთან არც ისე დაკავშირებულია და, ნებისმიერი თვალსაზრისით, თავის პოლიტიკურ და, შესაძლოა, პირადად ამბიციურ მიზნებს ახორციელებს. ასე რომ, თუ სომხეთს სურს ინტეგრაციის პროცესის ნაწილი იყოს, მან თავისი განზრახვა უნდა აჩვენოს. ჩვენ სომხეთის მკაფიოდ გამოხატულ პოზიციას ჯერ ვერ ვხედავთ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ მუშაობის დაწყებას შევძლებთ და, შედეგად, ისინი თავს დაცულად იგრძნობენ“, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილია. მისივე თქმით, აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი გადის საქართველოზე.
„ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს სრულად უზრუნველყოფილია. როგორიც არ უნდა იყოს პირობები ძირითად მოთამაშეებს შორის, ეს მიწოდების საიმედო წყაროა. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი გადის საქართველოზე. ეს ნიშნავს ურთიერთდამოკიდებულებას და ეს კარგია, რადგან ის მეგობრობას ამყარებს. ეს შეიძლება, იყოს პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავის და ბარიერების გარეშე ტრანზიტის წარმოების შესაძლებლობების შექმნასთან, მაგრამ უკვე სამი წელია, ზანგეზურის დერეფნის გახსნას, ჩვენ კი არა, სომხეთი უშლის ხელს. ამ დერეფნის პოპულარიზაციაში, თურქეთის გარდა, აზერბაიჯანი და მრავალი სხვა ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მათ ამას ხელი შეუშალეს. ამიტომ, ვფიქრობ, სომხეთმა სიტუაციას უნდა გადახედოს და მიხვდეს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს შენი უფროსი ძმა, მაინც აქ ცხოვრობ და შენი ადგილი აქაურ ქვეყნებს შორის უნდა იპოვო“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.