მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი, – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
“თბილისის კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, საოპერო, სახელოვნებო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებაში.
მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს “ფაუსტი”), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტია, ფლობს ძლიერ, ლამაზი ტემბრის ხმას(ლირიული სოპრანო), ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი(ზ. ფალიაშვილის “დაისი”, “აბესალომ და ეთერი”), ლელა(რ. ლაღიძის “ლელა”), ტატიანა(პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი, მიმი(პუჩინის “ჩიო–ჩიო–სანი”, “ბოჰემა”), ლეონორა, ვიოლეტა(ვერდის “ტრუბადური”, “ტრავიატა”), ელზა(ვაგნერის “ლოენგრინი”); ფილმებში “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, “ჭრიჭინა” ახმოვანებს ეთერს, მაროს და ჭრიჭინას; მისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა; 1981 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია; გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში; მისმა შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა.”მადამ ბატერფლაის” საერთაშორისო კონკურსი (ოსაკა) გამარჯვებული (1970).
1981 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 1971 წელს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.