Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თბილისზე არ გავრცელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.

„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.

„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები