საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ედინბურგში იმყოფება, სადაც უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მონაწილეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრთან, აიმან აშურთან.
„მხარეებმა ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა აიმან აშურს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურებზე მიმდინარე რეფორმები და პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა გააცნო, რომელიც გულისხმობს განათლების სისტემაში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ეგვიპტურმა მხარემ საქართველოსთან თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის მიზნით, კერძოდ, არქეოლოგიის მიმართულებით, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმუშავებს.
ედინბურგში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები მონაწილეობენ, რომლებიც უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ”, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.