საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შიდა გადაჯგუფებას გეგმავს და პრემიერ-მინისტრად კახა კალაძეს ამზადებს, პრეზიდენტად კი თეა წულუკიანს. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზეც გააკეთა კომენტარი და ამ საკითხის წამოწევა ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნია.
„მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასოდეს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა, თქვენც [სალომე ზურაბიშვილს] გემუქრებიან პატიმრობით… როდესაც გაუჭირდებათ, არჩევნებამდე, ამზადებენ უკვე კალაძეს პრემიერად, იმიტომ რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება. მთავარია, არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას და კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით „გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო, სადაც ეს კლანი, კორუფციული არის ძალიან აქტიურად ჩართული“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა: „აუცილებლად შევძლებთ ამათ გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ“.