უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ, ეროვნულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება კოორდინაცია ევროპელ მეგობრებთან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით.
ჩვენი საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ დასრულდება 1 და 2 წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია სჭირდება და ჩვენი მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების ეფექტიანი მმართველობა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წელია ვახორციელებთ ქვეყანაში.
ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპეიზაციამდე, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და ჩვენი დიდი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ვუახლოვდებით ყოველ დღე და მე მჯერა, დღევანდელი დღე და დღევანდელი ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს გუნდს და მივულოცო ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დღევანდელი ისტორიული გამარჯვება და აღიარება. ჩვენ მივიღეთ დამსახურებული სტატუსი, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი. დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.