GUARDIANGE – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, ოთხშაბათს, შრი-ლანკასთან ირანული სამხედრო გემის ჩაძირვას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, „ზღვაში ჩადენილი სისასტიკე“ უწოდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა წევრები აცხადებენ, რომ ირანი აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. მათი ინფორმაციით, ირანული ფრეგატი „დენა“, რომელიც ინდოეთის საზღვაო ფლოტის სტუმარი იყო და რომლის ბორტზეც თითქმის 130 მეზღვაური იმყოფებოდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე გახდა თავდასხმის ობიექტი.
ირანმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ იგი „მწარედ ინანებს“ მის მიერ შექმნილ პრეცედენტს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, ამერიკელებს ვებრძოლოთ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, გენერალმა კიუმარს ჰეიდარიმ და დასძინა, რომ ირანს არ აინტერესებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.
ხუთშაბათს, მოგვიანებით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკულ ტანკერს დაარტყეს და გემს ცეცხლი გაუჩნდა. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გვარდიამ განაცხადა, რომ ომის დროს ჰორმუზის სრუტეში გავლა ისლამური რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იქნება.
მანამდე, თურქეთმა განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვამ ოთხშაბათს ქვეყნის მიმართულებით გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა, რაც პირველი შემთხვევაა აზიის მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვის, რითაც ბლოკის მოკავშირეების მონაწილეობით კონფლიქტის მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობა იზრდება.
თუმცა, ხუთშაბათს, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვების ფაქტი და განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა პატივს სცემს „მეგობრული“ თურქეთის სუვერენიტეტს, ნათქვამია ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფრო ადრე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ირანის ომში ჩართვის შესაძლებლობა გამორიცხა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თავის ისრაელელ კოლეგას, ისრაელ კაცის, ტელეფონით განუცხადა: „განაგრძეთ ბოლომდე – ჩვენ თქვენთან ვართ“.
თეირანზე განხორციელებული განმეორებითი საჰაერო თავდასხმების გამო, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გადაიდო. მოჯტაბა ხამენეი, მოკლული უზენაესი ლიდერის ვაჟი, მისი მემკვიდრეობის ფავორიტად მოიაზრება, რაც იმის ხაზგასმაა, რომ თეირანი არ აპირებს დაემორჩილოს აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის ზეწოლას, რომელმაც ირანში, ამ დროის მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

