GUARDIANGE – აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები ირანზე მეხუთე დღეა გრძელდება, თეირანი კი განაგრძობს საპასუხო დარტყმებს ვაშინგტონის მოკავშირეებისა და აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ სპარსეთის ყურეში.
ისრაელმა ირანში ახალი დარტყმების „ფართო ტალღა“ დაიწყო , რომელთა სამიზნეც თავდაცვის სისტემები და რაკეტების გაშვების ადგილებია.
ისრაელმა ასევე გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადებები ლიბანში ევაკუაციის შესახებ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იქ „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „ყველაფერი დასრულებულია“;
თუმცა, მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი იმედგაცრუება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტროს, სერ კირ სტარმერის მიმართ, რომელიც არ ერევა ირანის წინააღმდეგ ომში. ტრამპმა, თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიც მერცთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენ საქმე ჩერჩილთან არ გვაქვს“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანში „ყველაზე უარესი შემთხვევა“ ის იქნება, რომ „ვინმე ისეთივე ცუდი მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორც წინა რეჟიმი“.
შემდეგ მან Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები „საჭიროების შემთხვევაში“ ტანკერებს გააცილებენ ჰორმუზის სრუტეში -მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტში.
პენტაგონმა ომში დაღუპული ექვსი ამერიკელი ჯარისკაციდან ოთხის ვინაობა დაადგინა. ოთხივე მათგანი კვირას ქუვეითზე დრონით განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთი რეგიონში მსხვილ სამხედრო ხომალდსა და დრონების გამანადგურებელ ვერტმფრენებს აგზავნის მას შემდეგ, რაც კვიპროსში სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასევე კომერციულ რეისს ქირაობს იმისათვის, რომ ომანიდან გამგზავრების მსურველი ბრიტანეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნოს.

