დღეს პარლამენტში დავარეგისტრირე კანონპროექტი, რომლის მიხედვით ცვლილება უნდა შევიდეს საგადასახადო კოდექსში. უნდა დაწესდეს შეღავათები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დღგ-ს იხდიან. ნაცვლად 100 000 ლარის ბრუნვისა, დღგ-ის გადახდის ვალდებულება მათ უნდა წარმოექმნათ შემოსავლების 200 ათას ლარზე გადაჭარბების შემთხვევაში, – ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
„აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს ფასების დონე გაზრდილია 158%-ით 2004 წელთან შედარებით, როცა ეს დღეს მოქმედი ნორმა შევიდა ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2004 წლის 100 ათასი ლარის მსყიდველობითუნარიანობა დღევანდელი 258 ათასი ლარის ტოლია. აქედან გამომდინარე, დამატებული ღირებულების გადასახადით ძველი წესით დაბეგვრა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ათეულ ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მოქმედებს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებაზე.
ცვლილების თანახმად, ეს ზღვარი ორჯერ გაიზრდება და პირი დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების ოპერაციების ჯამური თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, ნაცვლად 100 000 ლარისა, როგორც ეს მოქმედი კანონის რედაქციაშია“, – აცხადებს გოცირიძე.