GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, ნურადდინ აბბასოვი აცხადებს, რომ მარნეულის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური ენის სწავლების შემოღება საქართველოს სახელმწიფო ენის უკეთესად შესწავლის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია.

„დღეს ჩვენს სკოლაში 46 მოსწავლე ირიცხება, განსხვავებით იმ დიდი ხნის წინანდელი პერიოდისაგან, როცა აქ 120-მდე ბავშვი სწავლობდა. ბავშვების კლება თვალშისაცემია.
„რადგანაც სკოლა საბაზოა, მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლას მეზობელ სოფელ კასუმლოში განაგრძობენ, თუმცა ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევენებთ მათ შემდგომ ნაბიჯებს და მინდა გითხრათ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი წარმატებით განაგრძობენ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტებში, რაც ძალიან გვახარებს. ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება, რასაც ბილინგვური სწავლებაც ემატება.

„ამ ეტაპზე ბილინგვურის სამი მასწავლებელი გვყავს და შედეგი უკვე თვალშისაცემია, თუმცა ვფიქრობ, უკეთესი სურათი მაინც წლების შემდეგ გვექნება, რადგან ამჯერად ბილინგვური სწავლება მხოლოდ დაწყებით საფეხურზე მიმდინარეობს.

„უკვე 26-ე წელია რაც სკოლის დირექტორი ვარ და ვაკვირდები ამ ხნის განმავლობაში თუ როგორ არის შეცვლილი მდგომარეობა ქართული ენის სწავლების მხრივ. შედარებაც კი არის 26 წლის წინანდელ, თუგინდ 15 წლის წინანდელ პერიოდთან. ბოლო ათწლეული განსაკუთრებით წინ არის წაწეული ამ მხრივ საქმე.
„ჩვენი და მეზობელი სოფლების სკოლების კურსდამთავრებულების უმეტესობა თბილისის უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას, შემდეგ მარნეულში ბრუნდებიან, ან თბილისშივე საქმდებიან, რაც მისასალმებელია. ნაწილი პროფესიულ კოლეჯებს არჩევს, ისინიც კი, ბიჭები, ვინც სწავლას არ განაგრძობენ, ქართულ ჯარში მსახურობენ და იქ კიდევ უფრო კარგად ეუფლებიან სახელმწიფო ენას“, – განუცხადა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის ნურადდინ აბბასოვმა.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული და სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული მშობლებიც.
„46 წელია რაც სკოლაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობ, პედაგოგობის პარალელურად, 9 წელი სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი, 26 წელი კი დირექტორი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ბავშვებისადმი სიყვარულისა და მათთვის ცოდნის გადაცემის გარდა არაფერი მიკეთებია.

„ბავშვები კარგად გრძნობენ, მასწავლებლის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებას. ჩემი და ჩვენი პედაგოგების მიდგომა ჰუმანურ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მათთან ვმეგობრობთ. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან.
„პედაგოგებს, ბავშვებს და მათ მშობლებს ჩემ მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ალბათ ამიტომ შევრჩი ამდენი ხანი დირექტორის თანამდებობაზე (იცინის)…

„სკოლა და ბავშვები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არაფერი შეედრება იმ განცდას, როცა იგებ რამდენად წარმატებულია შენი ყოფილი, ესა თუ ის მოსწავლე. ეს მაძლევს ძალას, ისევ ისეთივე ენთუზიაზმით ვემსახურო მომავალ თაობას, როგორც ჩემი კარიერის დასაწყისში, ახალგაზრდობისას. მთავარია, სული გქონდეს ახალგაზრდული და ბოლომდე დაიხარჯო შენს საქმეში. გულწრფელად გეტყვით, ახლაც, ამ ასაკშიც, დიდი ხალისით ვემსახურები ბავშვების აღზრდას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ნურადდინ აბბასოვმა.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ნურადდინ აბბასოვის შესახებ
ნურადდინ აბბასოვი 1956 წლის 22 დეკემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ბეითარაბჩიში დაიბადა, 1980 წელს ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტის (დღევანდელი უნივერსიტეტის) მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. აღნიშნულ სკოლაში 9-წლიანი პედაგოგობის შემდეგ ბაითალოს სკოლაში გადავიდა და იქ ჯერ მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ განაგრძო საქმიანობა, 2000 წლიდან დღემდე კი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორია, პარალელურად ასწავლის მათემატიკას.

