ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: არ შეიძლება, საუნივერსიტეტო განათლება მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე და ამ ტიპის პროფესიული საკითხები ბაზრის კვლევამ გადაწყვიტოს

საუნივერსიტეტო განათლება, არ შეიძლება, მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს, ხოლო სახელმწიფოს მისიაა, ეს ბაზარი აქციოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა.

დობორჯგინიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პრეზენტაცია შეაფასა.

„წარმოგვიდგინეს ბაზრის კვლევა. ჯერ ერთი, საუნივერსიტეტო განათლება არ შეიძლება, მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე. საუნივერსიტეტო განათლების მთავარი მიზანია, ასწავლოს უნივერსალური აზროვნების პრინციპები, სხვადასხვა კონკრეტული დარგის მიხედვით, რომელსაც შემდეგ იყენებს აკადემიური საზოგადოება.

ბაზრის კვლევას რაც შეეხება, ის, შეიძლება, ერთ-ერთი კომპონენტი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მე და ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს კითხვები გვქონდა. მაგალითად, იმ მიმართულებაშიც კი არ არის შესაბამისი ადგილები და საერთოდ არ გამოაცხადეს, რომელიც სახელმწიფოს აღიარებული აქვს დეფიციტურ პროფესიებად და სტიპენდიებს გასცემს. მაგალითად, გარემოს დაცვის სააგენტო, სატყეო სააგენტო და სხვები. ამაზე იყო საუბარი, რომ შედგება შეხვედრა. საუნივერსიტეტო საზოგადოება ითხოვს, რომ აუცილებლად შედგეს შეხვედრა ამ საკითხებზე. დაგვპირდნენ, რომ გაიმართება შეხვედრა და გაივლიან ამას.

დეფიციტურ და უნიკალურ პროგრამებსაც რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება, საუნივერსიტეტო სისტემის უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარეშე დაჭრა, შეცვლა. ეს იწვევს დიდ გაუგებრობებს, მაგალითად, არასაჭირო სპეციალობებზე მოთხოვნას და საჭირო სპეციალობებზე არმოთხოვნას. აღარაფერს ვამბობ ფსევდომეცნიერებზე და რაღაც შარლატანობაზე. შუა საუკუნეების კვლევებზე ხუთი ადგილია გამოცხადებული. ამ პროგრამის კურსდამთავრებულები ასევე სწავლობენ ციფრული რესურსების შექმნას და წინა ათონური, ათონური, ანტიოქიური, ქართული, მთელი ადრეული მოდერნულობის პერიოდის საერთაშორისო გამოცემებს აკეთებენ. იქ ხუთი ადგილია და, მაგალითად, ნეოგრეცისტიკაზე – 30 ადგილი. ჩემი პრეტენზიები იყო კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს გამოცხადდა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ 13-ში გააგზავნა წერილი როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე ირაკლი კობახიძისა და გივი მიქანაძის სახელზე. ისინი ითხოვენ გადაუდებლად შეხვედრას, რათა სწორედ პროფესიულ საკითხებზე იყოს მსჯელობა.

არ შეიძლება, ამ ტიპის პროფესიული საკითხები გადაწყვიტოს თუნდაც ბაზრის კვლევამ. ვერცერთი ბაზრის კვლევა სრულად ვერ გეტყვის, რა არის საუნივერსიტეტო განათლების მიზანი. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს, ხოლო სახელმწიფოს მისიაა, იმ ბაზარს რომ დაბალკვალიფიციური კადრები სჭირდება, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად აქციოს. შემდეგ უნდა შექმნას ხარისხის მართვის და კონტროლის სისტემა, ოღონდ ეს უნდა იყოს მელიტოკრატიულ საწყისებზე შექმნილი სისტემა და არა ისეთი, როგორც ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში, საუკეთესო პროგრამებსა და საუკეთესო შეფასებების შემთხვევაში ავტორიზაციას რომ არ აძლევენ. ბოთლის მბერავები და იაფფასიანი მუშახელი ყოველთვის დასჭირდება ბიზნესს, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი განათლების მთავარი მიზანი. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, შექმნას მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებზე დამყარებული შრომითი ბაზარი, როგორც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში მოიქცნენ და არა ის, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ ან განათლების სამინისტრომ შეითავსოს ხარისხის ეროვნული ცენტრის კონტროლის ამოცანები“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები