გაერთიანებულმა სამეფომ ქართულ მაუწყებლებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე სანქციები დაუწესა ქართულ ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და POSTV-ს.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ „იმედი“ და POSTV ავრცელებდნენ „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას, საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომლის თანახმად:

უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურია;

უკრაინა „დასავლეთის მარიონეტია“;

უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა;

უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეფასებით, მსგავსი შინაარსის გავრცელება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც „უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები