სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს ორი მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.გ. და 2003 წელს დაბადებული რ.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები