GUARDIANGE-ის ფოტო: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, 2026 წლის თებერვალი
საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დაგენილებით, უცხოეთის მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვთ, სხვადასხვა სფეროში დასაქმების ყოველწლიური კვოტები დაუწესდებათ.
როგორც დადგენილებაში წერია, კურიერულ მომსახურებაზე, მგზავრთა ტრანსპორტირებასა და გიდების სერვისის მიწოდებაზე 0 კვოტაა განსაზღვრული.
„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი, ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის, გაგრძელების, ასევე შრომითი საქმიანობის უფლების გამცემი და შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან.
კერძოდ:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 200.
ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
დადგენილება 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

