ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. ჟურნალისტი სავარაუდოდ, ადვოკატ, ზურაბ თოდუას სარჩელის საფუძველზე აიყვანეს, თოდუა ინფორმაციას „ფორმულას“ უდასტურებს.
„13 იანვარს მაქვს შეტანილი საჩივარი ელისო კილაძის წინააღმდეგ, რომლითაც ვითხოვდი მის პასუხისგებაში მიცემას იმ საქმეზე, რომელზეც ბენ ანორს ქონება წაართვა სამმა საქართველოს მოქალაქემ, ელისო კილაძეც მონაწილეობდა იმ ჯგუფში და რაღაც მანქანებით მან მოახერხა ისე, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა. ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებაც ზუსტად ამის საფუძველს იძლეოდა, რამეთუ ის ამ ფარულ ჩანაწერში დაგეგმვაში მონაწილეობდა, როგორ წაერთვათ ისრაელის ბიზნესმენისთვის ქონება. ასევე ამ ჩანაწერშია საკმაოდ საინტერესო მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი საკმაოდ მყარად იყო დაკავშირებული საქართველოში მოქმედ ქოლ-ცენტრების თემებთან…
დამატებით, გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში განცხადება, რომ გაეკეთებინათ რეაგირება ჩემ მიერ მიწოდებულ ფარულ ჩანაწერებზე, დიდი ალბათობით, ეს მოხდა”, – ამბობს ზურაბ თოდუა „ფორმულასთან“.
პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დააკავა. მათივე განცხადებით, ჟურნალისტი ოთარ ფარცხალაძესთან იყო კავშირში.

