GUARDIANGE – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში ერთ-ერთ საკითხად სასკოლო გარემოა გამოყოფილი. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბოლო წლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტის მიუხედავად, სწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ და „სისტემაში მწვავედ დგას სპორტული ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კვების ობიექტების, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებისა და ადაპტირებული გარემოს დეფიციტი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორს, მაკსიმ გალსტიანს დაუკავშირდა და ჰკითხა თუ როგორი სურათია ამ მხრივ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, რომლის შემადგენლობაშიც კაბურიც შედის და რა გეგმები აქვთ ამ მხრივ, უშუალოდ ხაჩკოვში და კაბურში?

„მოგეხსენებათ, ხაჩკოვის საჯარო სკოლა შერწყმული სკოლაა და მასში გაერთიანებულია კაბურის საბაზო სკოლაც და თუკი მაგალითად სოფელ ხაჩკოვში სკოლა კაპიტალურადაა გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, კაბურში ყველაფერი შესაცვლელია, საკლასო ოთახები ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით თბება, შენობა ფაქტობრივად, გამოუსადეგარია სასწავლო პროცესის ნორმალურად წარსამართად. თუმცა, როგორც გითხარით, რადიკალურად განსხვავებული სურათია სოფელ ხაჩკოვში, სადაც 3-სართულიანი საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი 2022 წელს დასრულდა და მოეწყო სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, ბუფეტი, ლიფტი…

ერთადერთი, რაც გვაკლია ლაბორატორიებია, მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს განათლების სამინისტროსთვის და იმედია, ახლო მომავალში აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკური ბაზით ჩვენი ლაბორატორიები. მე მაგალითად, ფიზიკას ვასწავლი და ტელეფონის მეშვეობით ვახერხებთ ონლაინ პლატფორმების მეშვეობით თვალსაჩინოების იმიტაციას, მაგრამ სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების გამოყენება იკრძალება და უკვე ამის საშუალება არ გვექნება. ამდენად, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის, ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვის გარეშე, ცოტა ძნელი იქნება სწავლების სრულყოფილად წარმართვა“, – აღნიშნა მაკსიმ გალსტიანმა.

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე – რა გავლენა მოახდინა ხაჩკოვის საჯარო სკოლის სრულად რეაბილიტაციამ სასწავლო პროცესის ხარისხზე, მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე – მაკსიმ გალსტიანმა უპასუხა, რომ შედეგი ხელშესახებია.
„სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 2 წელიწადი გაგრძელდა, პანდემიის პერიოდს დაემთხვა, და ამ დროს სასწავლო პროცესის წარმართვა სოფელში მდებარე ორ კერძო სახლში, ორ ცვლაში გვიწევდა. ეს სახლები საკმაოდ ხანდაზმული და შეუფერებელი იყო სასწავლო გარემოსთვის, თუმცა სხვა გამოსავლი არ გვქონდა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში არც მოსწავლეებისა და არც მასწავლებლებისთვის არ იყო სწავლების პროცესი სასიამოვნო.



მას შემდეგ, რაც ახლად გარემონტებულ სკოლაში გადავედით, საგრძნობლად იმატა სწავლისადმი ინტერესმა, კარგი შედეგები გვაქვს ოლიმპიადებზე, მეორე ტურებში გადავიდნენ ბავშვები, ასევე, გვყავს მოსწავლეები – ვაჟები და გოგონები – რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის ჩოგბურთის ტურნირებში, მონაწილეობდა მუნიციპალურ თუ რეგიონულ დონეზე. საკმაოდ კარგი სპორტდარბაზი გვაქვს, თუმცა ინვენტარის ყიდვა თავად სკოლას მოუწია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამაღლებულია მასწავლებელთა მოტივაცია“, – განაცხადა მაკსიმ გალსტიანმა.



დირექტორი მიესალმება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებისა და მათ პროფესიული მხარდაჭერის ცენტრად ჩამოყალიბების გეგმას, რაც სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და მასწავლებლებს კონსულტაციით, მენტორობითა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით უზრუნველყოფს.

„ვფიქრობ, ამას ჩვენთვის, არაქართულენოვანი სკოლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან რესურსცენტრებს კიდევ უფრო დადებითი როლის შესრულება შეეძლებათ სკოლების განვითარების მხრივ. ამჟამადაც ძალიან გვეხმარებიან დოკუმენტაციის მართებულად შედგენისა და სხვა საკითხების მოგვარებაში და თუკი კიდევ უფრო გაიზრდება მათი როლი, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – უთხრა GUARDIANGE-ის მაკსიმ გალსტიანმა.

დირექტორმა დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემაზეც შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ სკოლების ვაუჩერული დაფინანსების მოქმედი მოდელი, რომელიც მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, შესაძლოა, საჯარო სკოლების დიდი ნაწილის რეალურ საჭიროებებს სწვდებოდეს, მაგრამ ხაჩკოვის სკოლის მაგალითზე, რომელიც ორ სკოლას აერთიანებს, ამგვარი პრინციპით დაფინანსება არასაკმარისია.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ხაჩკოვის საჯარო სკოლა შერწყმული სკოლაა და მასში გაერთიანებულია კაბურის საბაზო სკოლაც, დაფინანსება კი ისეთივეა, როგორც ერთ ცალკე აღებულ რომელიმე სხვა ანალოგიური კონტინგენტის სკოლას აქვს, არადა ჩვენ ხომ სინამდვილეში ორი სკოლა ვართ – ერთი დაფინანსებით. აქედან გამომდინარე, კაბურში ოთხი კლას-კომპლექტი გვაქვს. ეს იძულებითი ნაბიჯია იმისათვის, რომ ორი სკოლის ფინანსურ საჭიროებებს ასე თუ ისე გავწვდეთ. ჩვენ რომ მხოლოდ ერთი სკოლის დაფინანსების ვალდებულება გვქონდეს, მაშინ ალბათ საკმარისი იქნებოდა ის თანხა, რასაც ვიღებთ, მაგრამ ასეთ პირობებში, ეს არასაკმარისია. ვფიქრობ, განათლების სამინისტრო, სადაც კომპეტენტური პირები არიან დასაქმებული, ასეთ საკითხებსაც გაითვალისწინებს და უფრო მოქნილ სისტემას დანერგავს ჩვენნაირი სკოლებისთვის.

„ამჟამად წალკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ კაბურშიც სკოლის შენობის აღდგენის საკითხი ახლო მომავალში დადგება დღის წესრიგში. გულწრფელად გეტყვით, რომ ახლა ჩემთვის ერთგვარი უხერხულობის გრძნობას ქმნის ის ფაქტი, რომ ხაჩკოვში თანამედროვე სკოლა გვაქვს, კაბურში კი, რომელიც ხაჩკოვის საჯარო სკოლის შემადგენელი ნაწილია, ისევ ძველი შენობა ფუნქციონირებს, სადაც ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით თბებიან“, – უთხრა GUARDIANGE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, მაკსიმ გალსტიანმა ქართულ ენაზე.

