ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს

არიან საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ზე საქართველოს იურისდიქციას და არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ოკუპაციის შესახებ კანონი უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორეს. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილება და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ. კონკრეტული პირების ქმედებები თუ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ. იცით, რომ არის ხუთი კონკრეტული ქვეყანა, რუსეთი და პლუს ოთხი ქვეყანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზეც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ესეც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები