GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის დირექტორი მახმუდ ნასიბოვი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების უფროს კლასელებში სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით სასურველი იქნებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სამ ან ოთხ საგანში ჩაბარების შემოღება, რაც მისი აზრით, გაზრდიდა სწავლისადმი ინტერესს.
ღვაწლმოსილი დირექტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინადადებით მიმართავს არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვისაც იგივე პრინციპი მოქმედებდეს, როგორც ქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის და მათაც 3 ან 4 საგანი ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მათი სპეციალობის შესაბამისად.
„მოგეხსენებათ, ამჟამად, ქართულენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები 3, 4 ან კიდევ 5 საგანს აბარებენ ეროვნულ გამოცდებზე, მაშინ როცა აზერბაიჯანულენოვანი, ისე როგორც სხვა არაქართულენოვანი საჯარო სკოლების აღზრდილები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებით შემოიფარგლებიან და შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში „4+1 პროგრამის“ ფარგლებში ერთი წელი სწავლობენ ქართულ ენაზე, მოსამზადებელი კურსის სახით, რისი წარმატებით დასრულების შემდეგაც განაგრძობენ პირველ კურსზე სწავლას.
„სკოლაში ჩემი ხანგრძლივი საქმიანობიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მათთვისაც იგივე პრინციპი მოქმედებდეს, როგორც ქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის და მათაც 3 ან 4 საგანი ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მათი სპეციალობის შესაბამისად – მაგალითად, საინჟინრო ფაკულტეტზე მათემატიკა, ფიზიკა, ქართული ენა და უცხო ენა -ოღონდ, მათემატიკა და ფიზიკა აზერბაიჯანულ ენაზე, მაშინ მეტი გულისყური ექნებათ სწავლისადმი და განათლების დონეც აიწევდა. ასეთ შემთხვევაში, უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველები ყველა საგანს ისწავლიდნენ.
„ახლა, რასაც ჩვენი სკოლის მაგალითზე ვაკვირდები, ძალიან შემცირებულია სწავლისადმი ინტერესი მაღალ კლასებში. ისინი ემზადებიან მხოლოდ ზოგად უნარებში და ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის და სხვა საგნების სწავლა საერთოდ არ უნდათ. მინდა ეს საკითხი განათლების სამინისტროს წინაშე დავაყენო. მინდა შევთავაზო სამინისტროს ეს ვარიანტი და რეფორმის პროცესში თუ განათლების ექსპერტები განიხილავენ ამ საკითხს და გაითვალისწინებენ აღნიშნულ მიდგომას, დარწმუნებული ვარ, განათლების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეს საკითხი იქიდან გამომდინარეც შეიძლება გახდეს აქტუალური, რომ 11-წლიანი სწავლების შემოღების პირობებში, მე-11 კლასში მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ. ესეც კარგი მიდგომაა, ფაქტობრივად, მასწავლებლები რეპეტიტორები ხდებიან. ვფიქრობ, ეს არაქართულენოვან სკოლებსაც შეეხება“, – განუცხადა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის მახმუდ ნასიბოვმა.

დირექტორი სკოლების გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ საკითხის მოუგვარებლობა უარყოფითად აისახება სწავლების პროცესზე.
„არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა, არ გაგვაჩნია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო. ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას მხოლოდ თეორიულად ვასწავლით და ლაბორატორიების არქონის გამო, ვერანაირ ცდებს ვერ ატარებენ ჩვენი პედაგოგები. განათლების დონის ასამაღლებლად კი აუცილებელია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა; აუცილებელია ბუფეტის ქონა, რადგან ბავშვები ადრე იწყებენ სწავლას და 3 საათამდე უწევთ სკოლაში ყოფნა და მთელი ეს პერიოდი დიდ შესვენებაზე ხომ მაინც უნდა მიიღონ საკვები. რა თქმა უნდა, ამ კომპლექსური პრობლემების მოუგვარებლობა უარყოფითად აისახება სწავლების პროცესზე. რეფორმის გატარებისას, ერთ-ერთ პირველ ამოცანად დავაყენებდი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის აუცილებლობას, რათა სკოლებმა სრულფასოვნად იფუნქციონირონ“, – აღნიშნა მახმუდ ნასიბოვმა.
დირექტორის ინფორმაციით, მოლაოღლის საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა და მოსწავლეებში ქართული ენის სწავლის ინტერესი მაღალია.
„ბოლო პერიოდი მოსწავლეები და მათი მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფო ენის შესწავლას. სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის ოთხი მასწავლებელი გვყავს, მათგან ერთი წამყვანია, დანარჩენი უფროსი და ისინი მაღალ დონეზე ასწავლიან ბავშვებს ქართულ ენას. ჩვენს სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. მოსწავლეებში სახელმწიფო ენის სწავლის ინტერესი მაღალია, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ძირითადად ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, იქ ერთი წელი ქართულ ენაზე მოსამზადებელ კურსზე სწავლობენ, შემდეგ გამოცდას აბარებენ და პირველ კურსზე განაგრძობენ სწავლას.
„დრო შეიცვალა, უკვე მშობლებიც ძალიან დაინტერესებული არიან იმით, რომ თავიანთმა შვილებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენი ბავშვები ინტეგრირებული უნდა იყვნენ საერთო ქართულ საზოგადოებასთან, ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. ეს უკვე ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული“, – უთხრა GUARDIANGE-ის მახმუდ ნასიბოვმა.

შეკითხვაზე – თუ როდის შეიცვალა ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ – დირექტორმა უპასუხა, რომ განსაკუთრებულად დადებითი დინამიკა ბოლო 5 წელიწადში შეინიშნება.
„შეიძლება იქვას, რომ ბოლო 5 წელიწადია, რაც განსაკუთრებით შეიცვალა ამ მხრივ მდგომარეობა. სერტიფიცირებული პედაგოგები გვყავს და მაქსიმალურს აკეთებენ, რომ ბავშვებმა კარგად ისწავლონ ქართული ენა. მინდა გითხრათ, რომ უმცროს კლასელებმა უკეთ იციან ქართული, ვიდრე უფროს კლასელებმა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად დაინერგა ბილინგვური სწავლება. ამჟამად ამ პროცესში 5 მასწავლებელია ჩართული და დაწყებით კლასებში – მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, „მე და საზოგადოება“-ში და ა.შ. მოსწავლეები ორ ენაზე გადიან სწავლებას. თითოეულ საგანს თავისი ტერმინები აქვს და ბავშვებმა უკვე საგნების შესაბამისად იციან ტერმინოლოგია. ბილინგვური სწავლების პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ უფრო ხელშესახები პროგრესი გვექნება“, – აღნიშნა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის დირექტორმა მახმუდ ნასიბოვმა GUARDIANGE-ისთან საუბრისას.

