მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 2026 წლის 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია

GUARDIANGE-ის ფოტოზე: თბილისი, ორთაჭალა, 2025 წლის სექტემბერი

მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია პირველ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ავტოპარკის განახლებას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მნიშვნელოვანია დამატებითი ზომები მივიღოთ, რათა ჰაერის ხარისხის კუთხით უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. საბოლოოდ ეს მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ჩვენგანის, ასევე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტრო საქსტატის მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები