შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი სერგი ბზიშვილი წარუდგინა. გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გელაძემ სამართალდამცველებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
სერგი ბზიშვილს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სერგი ბზიშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე კახა მურადაშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

