გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.
„მაშინ, როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
აღნიშნულ გაცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და ოპოზიციონერი დეპუტატი ცილისწამებაში დაადანაშაულა.
„ქალბატონო თამარ, წეღან მგონი შენიშვნა მიიღეთ აი ამ შეუფერებელი ტონის გამო, რომელიც ცილისწამების ნაირსახეობას წარმოადგენს და მგონი არ არის სწორი ის ტონი, რომელსაც თქვენ თუნდაც ბატონ გივი მიქანაძესთან დაკავშირებით იყენებთ. ერთელ გამხილეს ტყუილში, ახლა ოჯახის წევრებზე დაიწყეთ საუბარი, არ გეკადრებათ“, – უთხრა პაპუაშვილმა ხვედელიანს.

