„ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. „ხელები შორს 104 წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან“. შენობები, რომლებშიც ამ გადაწყვეტილებებს იღებთ, კომუნიკაციები, რითაც სარგებლობთ ამ განცხადებების გაკეთებისას, დენი, წყალი, გათბობა, კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, გზები, რითაც მოგზაურობთ, და რა ვიცი კიდევ რა, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი გპი-ს და მერე უკვე სტუ-ს კურსდამთავრებულების შრომის, ცოდნის და ღვაწლის შედეგია. დაფიქრდით, რაზე აწიეთ ხელი. სტუ მარტო ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური შენობები არაა, რაც ერთობ მომხიბლავია ალბათ“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირინა გოცირიძე, რითაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმება.

