„ჩემმა განვლილმა გზამ მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო“ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე     

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია შავაძე პედაგოგის პროფესიას 37 წელია ემსახურება, დირექტორის თანამდებობაზე კი მე-3 წელია, რაც მუშაობს. იგი დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მაღალმთიან სოფელ აფნიაში საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობის ტვირთი იკისრა. როგორც თავად ამბობს, კოლეგებისა და მშობლების თანადგომით, პირვანდელი შიში და ცუდი მოლოდინები წარსულს ჩაბარდა და სასკოლო ცხოვრება იმდენად შეიცვალა უკეთესობისკენ, რომ დახურვის პირას მყოფ სკოლაში დღეს უკვე 16 მოსწავლე ირიცხება, მაშინ როცა 2022-2023 სასწავლო წელს მხოლოდ ორი მოსწავლე, და-ძმა სწავლობდა, თუმცა 2023 წლის სექტემბერში, ახალი სასწავლო წლიდან, როცა და-ძმის ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, აფნიის საბაზო სკოლა რამდენიმე თვით უფუნქციოდ დარჩა და დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ მისი კარები სამუდამოდ დაგმანულიყო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე

როგორც ქალბატონი მაია შავაძე ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ისთან საუბრისას იხსენებს, 2023 წელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად იქცა, რადგან გოგაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ აფნიის დახურვის პირას მყოფი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო, თუმცა აღნიშნულ წინადადებას ერთგვარი შიშის თვალით შეხედა, რამეთუ სკოლის მომავალი მეტისმეტად ბუნდოვანი ჩანდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. დღეს იგი ბედს, კოლეგებს, ბავშვებს და მშობლებს ემადლიერება, მაგრამ მაინც სიფრთხილით უყურებს მომავალს, რადგან მიგრაციისა და დემოგრაფიული პრობლემების გამო, საქართველოს მაღალმთიანი სოფლების მცირეკონტინგეტიანი სკოლების ხვალინდელი დღე ცოტათი აშინებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე

„შიში, რაც თავდაპირველად გამიჩნდა დაკეტილი სკოლის კარების შეღებისას, მკვეთრად, 180 გრადუსით შეიცვალა. პედაგოგების  და მშობლების, სოფლის გამგებლის, მერიის, რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ თერეზა ჩივჩიანის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონ ეთერ ნადირაძის ჩართულობამ უკან დახევის გზა მომიჭრა და საქმის საკეთებლად დიდი ბიძგი მომცა. ყველა ძალიან დაგვიდგა მხარში, საუკეთესო შედეგზე გავედით.

განსაკუთრებულ მადლობას მაინც ჩემს კოლეგას, დიდი ხნის მეგობარს, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ ნადირაძეს ვეტყოდი. მე საკმაოდ დიდი პერიოდია, რაც გოგაშენში ქართულ ენას ვასწავლი და დღემდე ვმუშაობ ამ სკოლაში, პირველ ცვლაში. სწორედ ქალბატონი ეთერის დიდი თანადგომით გადავლახე არაერთი სირთულე, რამაც ჩემი საქმიანობის საწყის ეტაპზე იჩინა თავი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე (ხელმარჯვნივ) და სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე (ხელმარცხნივ) გოგაშენის სკოლის ეზოში, 2023 წლის მაისი

ამჟამად აფნიის საჯარო სკოლაში 14 მოსწავლე ირიცხება, თუმცა ამ კვირაში 2 მოსწავლე გვემატება ბათუმიდან და 16 გავხდებით. 2024-2025 სასწავლო წელს 12 მოსწავლე, იმის წინ 2023-2024 სასწავლო წელს 9 მოსწავლე გვყავდა, ხოლო 2022-20243 სასწავლო წლის ბოლოსთვის, სანამ რამდენიმე თვით დაკეტილი სკოლა ისევ გაიხსნებოდა, მხოლოდ 2 ბავშვი სწავლობდა აფნიაში და სწორედ მათმა სხვაგან გადასვლამ განაპირობა სკოლის დროებით დახურვა და საფრთხის შექმნა, რომ ამ სკოლის კარები შესაძლოა, არასდროს გაღებულიყო.

„როგორც გითხარით, როცა დაკეტილი სკოლის კარები შევაღე, 2023 წელს, საოცარი შიშის განცდა დამეუფლა, თუმცა დღეს უკვე ეს შიში გამქრალია და დიდი იმედით და შემართებით ვუყურებთ მომავალს… მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, სხვადასხვა ღონისძიებაში,  ხშირად აკითხავენ შვილებს. მათი ჩართულობა მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგების, მშობლების, მოსწავლეების მონდომებით ნამდვილად კარგ შედეგზე გავედით“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია შავაძემ.

დირექტორი მიესალმება ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურ ჩართულობას აღნიშნულ პროცესში და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე საგანმანათლებლო საკითხების პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად განხილვას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე

„განათლების მინისტრმა ახალციხეში პედაგოგებთან,  დირექტორებთან, მშობლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. ჩვენი სკოლიდანაც იყვნენ მასწავლებლები, ასევე მშობლები და ეს კარგი გზაა იმისათვის, რომ ოპტიმალურად სასარგებლო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული განათლების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად. ყველას – მშობლების, დირექტორების, მასწავლებლის ჩართულობა ქმნის უკეთეს სასკოლო გარემოს, ამას მივყავართ უფრო სწორ გადაწყვეტილებამდე. სასიხარულოა, რომ ერთპიროვნულად არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. უშუალოდ მინისტრთან შეხვედრებისა და მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ქმნის იმის წინაპირობას, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა საინტერესო მოსაზრებები ზოგადი განათლების სფეროს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე გათვალისწინებული იყოს.

„ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა, რომ პირდაპირ დააყენო შენთვის საინტერესო საკითხი მინისტრის დონეზე. რაც ეს რეფორმა დაიწყო, განათლების სამინისტროს ერთპიროვნულად არ მიუღია გადაწყვეტილება, რასაც მე ვუყურებ, თუნდაც სტატუსის ამაღლების საკითხზე რომ წარადგინეს პროექტი, ჩვენი სკოლიდანაც ვესწრებოდით ამ შეხვედრას ახალციხეში და ბუნებრივიცაა, რადგან ამ ცვლილებების მიმღები და თანაშემოქმედიც ხომ თავად მასწავლებელი უნდა იყოს და ყველა რეფორმის წარმატება დიდწილად სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ რეფორმას ვიღებთ, როგორც პროცესს, ეს ერთჯერადი ნაბიჯი ხომ არაა, რომ რაღაც უცებ შეწყდეს და სხვა რამ დაიწყოს, ვუსმენთ ერთმანეთს, გამოცდილებას ვუზიარებთ, ვთანამშრომლობთ, რომ დაგეგმილი რეფორმა წარმატებული იყოს. ბუნებრივია, ყველაფერზე ერთი აზრი ვერ იარსებებს. მაგალითად, 11-კლასიან სწავლებაზე გადასვლა ცოტა რთულად მისაღები შეიძლება იყოს მცირეკონტინგენტიანი სკოლების პედაგოგებისთვის, რადგან ამას ფინანსური მხარეც აქვს“, – აღნიშნა მაია შავაძემ.

დირექტორი მიესალმება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმების შემოღებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. იგი მიიჩნევს, რომ ეს ერთგვარად სოციალური თანასწორობის ჩამოყალიბების ხელშემწყობიც იქნება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე

„სასკოლო ფორმების შემოღება მისაღებია, ეს ძალიან კარგი იქნება. იცით რა, ახლა ბავშვები ერთმანეთს უყურებენ, ვის რა აცვია. სამწუხაროდ, ზოგჯერ დაცინვას და ბულინგსაც აქვს ადგილი. ამიტომ სჯობს ერთნაირი ფორმები ეცვათ, რაც არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც გამართლებულად მიმაჩნია.

ახლახან მივიღეთ შეტყობინება ტელეფონებთან დაკავშირებით, რომ ყუთები უნდა შეიძინოს სამინისტრომ და განთავსდეს ოთახებში, სადაც სასწავლო პროცესის პერიოდში მოსწავლეთა მობილური ტელეფონები მოთავსდება და მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ და სხვა დროს ყუთებში იქნება ჩაკეტილი – მისაღებია, ნამდვილად მისაღებია.

მაგალითად, ზოგიერთ ოჯახს ერთზე მეტი სასკოლო ასაკის მოსწავლეც შეიძლება ჰყავდეს და მათი ტანსაცმლით უზრუნველყოფა არც ისე ადვილია მათთვის. ყველა მშობელს ხომ ერთნაირი საშუალება არ აქვს და თუკი სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება, ეს უფრო მეტ შეღავათს მისცემს ასეთ ოჯახებს. აი, იმას ასე აცვია, იმას ასეთი ტელეფონი აქვს, ეს აგრესიასაც კი იწვევს მოზარდების ერთ ნაწილში. შეძლებული ოჯახების ბავშვები შესაძლოა სხვებს დასცინოდნენ, რომ მათ არ აცვიათ ძვირად ღირებული, მოდური ტანსაცმელი ან არ აქვთ ძვირიანი ტელეფონები. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს მათ ფსიქიკაზე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ამ საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება გარკვეულწილად აღმოფხვრის უთანასწორობის განცდას. ჩვენ ამ საკითხზე მშობლებთანაც გვქონდა საუბარი. განათლების სამინისტრო შეიმუშავებს ფორმის ნიმუშს და ვფიქრობ, რომ ის გაცილებით უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა ტანისამოსი. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის კი, უფასოდ დარიგდება ფორმები. შარშან სასექტემბროდ ჩანთები დაურიგეს ასეთ ოჯახებს თავიანთი აღჭურვილობით და ესეც ხომ შეღავათია.

„ასევე, მოგეხსენებათ, რომ სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რაც ნამდვილად კარგი იქნება, ვფიქრობ, ყველა თანაბარუფლებიანი უნდა იყოს. დღემდე ხომ ასეა, ერთი სკოლა სხვა სახელმძღვანელოებს იყენებს, სხვა სხვას, არ ვიცი ამ საკითხებს როგორ აერთიანებენ გამოცდებზე … იყოს ერთიანი სავალდებულო სახელმძღვანელოები და იყოს რეკომენდებული. ჩვენი სკოლა აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე.  როცა ბავშვები ახალციხიდან გადმოვიდნენ, ისინი იქ სხვა პროგრამას გადიოდნენ, ჩვენ აქ სხვას და ხომ არ შევცვლიდით სახელმძღვანელოებს ამის გამო. ახლაც ბათუმიდან რომ გადმოდიან ბავშვები მათთვისაც დადგება ეს პრობლემა. მოკლედ არა მგონია არ დავეთანხმოთ ამ სახელმძღვანელოების დახვეწის და მისი ყველა საჯარო სკოლისთვის შეთავაზების საკითხს“, – უთხრა GUARDIANGE-ის მაია შავაძემ.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რეფორმის პროცესში ისაა, რომ მოსწავლის ინტერესები იყოს უმაღლეს დონეზე დაცული. ამასთან, ქალბატონი მაია შაავაძე წუხს, რომ საქართველოს მაღალმთიანი სოფლების მცირეკონტინგენტიანი სკოლები უზარმაზარი გამოწვევის წინაშე არიან და ბევრი ასეთი სკოლის ხვალინდელი  დღე ბურუსითაა მოცული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა

„მიმაჩნია, რომ რეფორმის უპირველესი ბენეფიციარი მოსწავლე უნდა იყოს, ყველაფერი მათი ინტერესებისთვის უნდა გაკეთდეს.

ყველაზე დიდი საფიქრალი და საწუხარი ჩვენთვის, მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მაინც ისაა, რომ ერთ დღესაც შეიძლება დახურვის პირას აღმოვჩნდეთ და ეს კატასტროფა იქნება. არადა ისეთი პირი უჩანს მომავალს, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ შემოედინონ მოსწავლეები, ბავშვებიც აღარ არიან სოფლებში, მაღალია მიგრაცია, შემცირებულია შობადობა და ამის გამო შესაძლოა, ისევ დაკეტვის საფრთხე დაემუქროს ამ სკოლას. ამ ეტაპზე, ერთადერთი პრობლემა ესაა ჩვენთვის და აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, როგორ დასაქმდნენ ასეთ სოფლებში ახალგაზრდები და არ წავიდნენ ქალაქებში საცხოვრებლად. რაღაც ფორმით, სტიმული უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს, რომ არ დატოვონ სოფლები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია და მიმდებარე ტერიტორია

„არადა, ჩვენთან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ვარძია, ეს უდიდესი მნიშვნელობის ისტორიულ-კულტურული ძეგლი, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია იქ მისასვლელი გზის სავალი ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი, საოცრად გამოაცოცხლებდა აფნიის, გოგაშენის და მიმდებარე სოფლების ცხოვრებას. აქ ტურისტების დიდი ნაკადი შემოვიდოდა და ადგილობრივებს თავიანთი პროდუქციის გასაღების შესაძლებლობა მიეცემოდათ. ეს იმ მხრივაც მოგვცემდა შვებას, რომ დაგვიმოკლებდა ასპინძის და ახალციხისკენ გზას, რადგან ახლა ჯერ უნდა ჩავიდეთ ახალქალაქში, რომელიც ჩვენგან 30 კილომეტრში მდებარეობს და იქიდან, შემოვლითი გზით უნდა გადავიდეთ ასპინძისა და ახალციხისკენ, მაშინ როცა აქედან, აფნიიდან ვარძიამდე დაახლოებით 6 კილომეტრამდე გზის აღდგენა მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის გზა მოგვეჭრა მეზობელ მუნიციპალიტეტებში მისასვლელად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა, 2023 წლის მაისი

„ბევრჯერ გვინდა მოსწავლეების გაყვანა სადმე, ლაშქრობების მოწყობა და გვიძნელდება. გზა რომ იყოს, ხომ გაგვიადვილდებოდა მათი წაყვანა, საინტერესო ადგილების მონახულება და დღეს ამის საშუალება არ არის, გზა განადგურებულია, ძალიან გაფუჭებულია.

„ადრე მახსოვს, ტურისტები ამოდიოდნენ, სკოლას სტუმრობდნენ, ეზოში ბავშვებს ესაუბრებოდნენ. მახსოვს, ბავშვები გოგაშენის სკოლაში ქარგავდნენ, ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ და ვაჭრობაც კი მოაწყვეს იქვე, სკოლის ეზოში, გაყიდეს თავიანთი ნამუშევრები. დიდი ინტერესი გამოიწვია ამან. ეს გზა რომ მწყობრში იყოს, საკმაო დაინტერესება იქნება ჩვენი სოფლებითაც, ბევრი ტურისტი აქაც ამოვა. მით უფრო, აფნიიდან და გოგაშენიდან ვარძია და მთელი მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებულად ლამაზად მოჩანს. უნდა მოეწყოს სპეციალური გადასახედი სივრცეები თავის კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაღებული ვარძია

„ასევე, გარს გვარტყია ტყე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერთადერთი შვებაა, ისეთი სუფთა და სასიამოვნო გარემოა, რომ იქ ყოფნას არაფერი სჯობს, გაზაფხულისა და განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელი ამინდები დგება. ხშირად გავდივართ ამ ტყეში, ბავშვებიც გაგვყავს რამდენიმე საათით, ვთამაშობთ და უკან  ვბრუნდებით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ტერიტორიაზე გაშენებული წიწვოვანი ტყე

„სკოლაშიც დავრგეთ 80 ძირი ფიჭვი, მერიამ გამოგვიყო, სანერგე მეურნეობაში წავედით მოსწავლეებთან და მამაკაც მასწავლებლებთან ერთად, ამოვიღეთ ეს ძირები და დავრგეთ ჩვენის სკოლის ეზოში, გავახარეთ, მანამდე არც ერთი ხე არ იყო დარგული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ტერიტორიაზე გაშენებული წიწვოვანი ტყე

წიწვოვანი ჯიშის მცენარეებით ძალზე სასიამოვნო გარემო იქმნება, ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია მცენარეების დარგვა, მათზე მზრუნველობა“, – განაცხადა მაია შავაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ტერიტორიაზე გაშენებული წიწვოვანი ტყე

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე – რა გამოცდილება შეგძინათ სკოლამ 1989 წლიდან დღემდე – მაია შავაძემ უპასუხა, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე

„ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ბავშვებთან ურთიერთობა, რასაც უდიდესი სიყვარული და სითბო ახლავს თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც ვიკვებები… როცა სახლში ვარ, თითქოს რაღაც მაკლია, დიდხანს ვერ ვჩერდები შინ. წარმოიდგინეთ, ბავშვები ისე მენატრებიან, როგორც შვილები, კოლექტივიც მენატრება და სკოლის კედლებიც კი. თითქოს ვერ ვშორდები, რაღაც მიჯაჭვულობა გამიჩნდა. ამ განვლილმა გზამ მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო. მათვარი მაინც ყველას და ყვალაფრის მიმართ სიყვარულია – სითბო და სიყვარული. ბავშვებიც, როცა ამ სიყვარულს და სითბოს გრძნობენ, თავადაც იგივეს გამოხატავენ, მოდიან, გვეხუტებიან და მეგობრებივით არიან, ჩვენი პატარა მეგობრები არიან. ასეთი გარემო კი მათი სწავლების დონეზეც აისახება. როცა ბავშვს სკოლაში მისვლა უხარია, სადაც თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფეროა, მაშინ მისი სწავლისადმი ინტერესიც უფრო მაღალია და უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვს. სკოლა ხომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებისთვისაა შექმნილი და ჩვენ, მასწავლებლები მას ან უფრო ვაყვარებთ ან საერთოდაც, შესაძლოა ვაძულებდეთ კიდეც ჩვენი არასწორი მიდგომებით. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში ბავშვებს მოსვლა უხარიათ, აქ მათ სიყვარული და სითბო ხვდებათ.

„ამ გადმოსახედიდან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ნამდვილად გამართლებულია ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მიმეღო შეთავაზება და სათავეში ჩავდგომოდი დახურვის პირას მისულ აფნიის საჯარო სკოლას. ჯერჯერობით მოკლე, მაგრამ წარმატებული გზა ყველამ ერთად გავიარეთ – ჩვენ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა და თავიდანვე გვქონდა იმედი, რომ ეს გზა წინსვლად იქცეოდა და მართლაც იქცა კიდეც“, – განუცხადა GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია შავაძემ.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის 2024 წლის ნოემბერში გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში შემოდგომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა, სადაც ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს თათარაში

 

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები