Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

გიორგი ამილახვარმა თბილისში ახლად აშენებული 138-ე საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისში ახლად აშენებული 138-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, საქართველოს მთავრობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემოს უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის. მისი თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელებით უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში წარიმართება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებსა და აღჭურვაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში აშენებულ სამსართულიან შენობას აქვს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

თბილისის 138-ე საჯარო სკოლა 1967 წელს აშენდა და სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელი მონაცემებით, სკოლაში 700-მდე მოსწავლე სწავლობს, დასაქმებულია 44 მასწავლებელი, მათ შორის, 12 წამყვანი, 32 უფროსი პედაგოგია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ

გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები