ფოტოზე: ვაშინგტონში ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სახიფათო ზამთრის შტორმის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (NWS) ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და გზები დაიკეტა, ხოლო ავიარეისები გაუქმდა, რადგან ტეხასიდან ახალ ინგლისამდე „სიცოცხლისთვის საშიში“ პირობები შეიქნა.
ლუიზიანაში ჰიპოთერმიით სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო შტორმთან დაკავშირებული სხვა გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ტეხასში, ტენესისა და კანზასში.
poweroutage.us-ის ცნობით, კვირა დღის შუადღის მონაცემებით, 800 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამასობაში, FlightAware-ის ცნობით, 11 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
ძლიერი თოვა რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს და შესაძლოა, შტორმმა დაახლოებით 180 მილიონი ამერიკელი – მოსახლეობის ნახევარზე მეტი – დააზარალოს.
„თოვლი და ყინული ძალიან, ძალიან ნელა დადნება და მალე არ გაქრება, რაც აღდგენით ძალისხმევას შეაფერხებს“, – განუცხადა BBC-ის ამერიკულ მედია პარტნიორს, CBS News-ს, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მეტეოროლოგმა, ალისონ სანტორელიმ.
ლუიზიანას ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვირას, 25 იანვარს, დაადასტურა, რომ ორი მამაკაცი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.
ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის მერმა განაცხადა, რომ გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებული იყო ამინდის გაუარესებასთან.
კანზასის შტატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალი, რომლის ცხედარი კვირას შუადღისას თოვლში დაფარული იპოვეს, „შესაძლოა, ჰიპოთერმიამ იმსხვერპლა“.
ტენესის შტატში ამინდის გაუარესების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ შაბათს ქალაქში სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დასძინა, რომ მათი სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ამის მიუხედავად, მან თქვა: „ეს იმის შეხსენებაა, რომ ნიუ იორკელებს ყოველწლიურად სიცივესთან გამკლავება უწევთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქარბუქსა და ყინვას „ისტორიული“ უწოდა და ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესისში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში. ჯამში, ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

