დონალდ ტრამპი: სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი წელი იბრძოდნენ, პუტინმა მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, ამაზე 10 წელი ვმუშაობდიო, ვინაიდან ეს მისი ტერიტორიაა

ვლადიმერ პუტინმა მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მოგვარება, 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებასო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის მოგვარებას ცდილობდა, რადგან „ეს პუტინის ტერიტორიაა“.

„სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას“. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. მე მოვახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს მშვენიერ ოვალურ ოფისში მოყვანა. ისინი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. ერთმა მითხრა: „აზერბაიჯანის მეთაური ვარ 22 წელია და 22 წელი მის ხალხს ვკლავდი“. ვიტყვი, რომ ორივე კარგი ადამიანია. მეორემ მითხრა: „შვიდი წელია, ვარ და შვიდი წელია, მის ხალხს ვკლავდი“. რამდენიმე საათი ერთმანეთის გვერდით იყვნენ, როდესაც დავასრულეთ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და დიდი მშვიდობა იყო. პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელი ვმუშაობდი ამაზე“, ვინაიდან ეს მისი ტერიტორიაა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები