„კიდევ ერთხელ ფარცხალაძეზე. 2004 წელს მოსკოვში ჩემი პირველი ვიზიტის დროს პუტინმა მითხრა, რომ მისი მოთხოვნა იყო უშიშროების მინისტრად დაგვენიშნა ვალერი ხაბურძანია, რომელიც პუტინისვე თქმით „რუსეთის კაცი იყო“. ამაზე მე მივუგე, რომ უშიშროების სამინისტროს საერთოდ გაუქმებას ვაპირებდი.
მაშინ იქნებ გენ. პროკურორად ან შს მინისტრად დანიშნოთ, ჩვენ გვჭირდება ჩვენი წარმომადგენელი თქვენთან – მითხრა რუსეთის პრეზიდენტმა. ამაში ახალი არაფერია, ზუსტად ასე, შევარდნაძეს დაანიშნინეს გიორგაძე და ნადიბაიძე.
იანუკუვიჩს საერთოდ რუსეთის მოქალაქეები დაანიშნინეს sbu-ს უფროსად და თავდაცვის მინისტრად. ამიტომ ფარცხალაძე ბერასთან მეგობრობისთვის კი არ დაინიშნა, არამედ რუსეთის აგენტი რომ იყო იმიტომ, ისევე როგორც ლილუაშვილი და ყველა გარემოება მიანიშნებს, რომ გახარიაც.
ფარცხალაძეს რუსებმა დააწყებინეს ჩემ წინააღმდეგ საქმე, რათა გავენეიტრალებინეთ უკრაინაში, სადაც რუსების ინტერესებს პირდაპირ დავეჯახე ოდესის ოლქის გუბერნატორობისას. იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

