ტყის საზღვრების კორექტირების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

GUARDIANGE-ის ფოტოზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიის და გოგაშენის მიმდებარე ტერიტორია, ტყის მასივი, 2025 წლის 22 დეკემბერი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის საზღვრების კორექტირების შესახებ მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განკარგულების მიხედვით საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს.

განცხადების თანახმად, განკარგულების მიზანმიმართული დამახინჯებისა და სიცრუის ტირაჟირების მცდელობაა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტყის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიზანმიმართული დამახინჯებისა და სიცრუის ტირაჟირების მცდელობას. უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ განკარგულება გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას, ანუ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს. ამასთანავე, ტყის აღრიცხვის სამუშაოებისას გამოვლინდა ფართობები, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იყო შეტანილი. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე განხორციელდა ტყის საზღვრების კორექტირება. შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები